უკრაინის გენშტაბი – 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 60-ზე მეტი შეტევა
05/04/2023 06:12:34 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 47 საავიაციო და 3 სარაკეტო დარტყმა და გამოიყენეს 17 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 14 უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს. გარდა ამისა, რუსეთმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით განახორციელა 42 შეტევა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 60-ზე მეტი შეტევა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა. გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე განაგრძობს შტურმს ბახმუტზე სრული კონტროლის დასამყარებლად.
შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 2 რაიონი, მართვის 3 პუნქტი და ზალპური ცეცხლის 2 რეაქტიული სისტემა.


