
იოსელიანი –ჯულაყიძის შესახებ: "იგი არ არის ჩემი ნათესავი, იგი ალეკოს ნათესავია"
05/04/2023 05:38:07 საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პირველ არხთან" ინტერვიუში მის ახალდანიშნულ მოადგილე ნათია ჯულაყიძის შესახბ ისაუბრა. როგორც ომბუდსმენმა თქვა, იგი არა მისი, არამედ მისი ყოფილი პარტიის, „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ნათესავია.
„ისე როგორც მე, ნათიამაც დატოვა პარტია. ჩვენ, მე, აღარ ვარ პოლიტიკაში, შესაბამისად არც მე, არც მას არანაირი კავშირი აღარ აქვს პოლიტიკასთან. ეს დანიშვნა თვითონ არ ეწინააღმდეგება არანაირ კანონს, რაც მთავარია. ნეპოტიზმს რაც შეეხება, იგი არ არის ჩემი ნათესავი, იგი არის ალეკოს ნათესავი. მე მგონი, ალეკოსთან ნათესაობა არ არის რაღაც განაჩენი ადამიანისთვის, თუ იგი არის პროფესიონალი და იგი ნამდვილად არის პროფესიონალი. იგი არის კომპეტენტური და მე მარტო ამ ნიშნით შევთავაზე ამ თანამდებობის დაკავება. მე დარწმუნებული ვარ, იგი თავს ძალიან კარგად გაართმევს", - განაცხადა იოსელიანმა.
ნათია ჯულაყიძის შესახებ „პალიტრანიუსის" ეთერში ალეკო ელისაშვილმაც ისაუბრა:
„ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე და არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს, მხოლოდ შენი ახლობელი და ნათესავი რომ არის, წაიყვან და სადღაც თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, დამოუკიდებელი ადამიანია და თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია. რა ვქნა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში".
კითხვაზე, "შენი დისშვილი რომ არ ყოფილიყო, მოხვდებოდა თანამდებობაზე?", ელისაშვილმა უპასუხა:
„სიმართლე გითხრა, იქ რომ წავიდა, მე ყველაზე მეტად დამწყდა გული იმიტომ, რომ ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს ევალებოდა და ებარა რამე, ეს იყო ნათია".
დეპუტატმა ისიც თქვა, რომ სახალხო დამცველის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნა, უხერხულობას არ უქმნის.
„ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია?!", – განაცხადა ელისაშვილმა.
3 აპრილს ლევან იოსელიანმა საზოგადოებას ორი ახალი მოადგილე წარუდგინა. ესენი არიან: ნათია ჯულაყიძე (საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი) და ელენე ღუდუშაური (იურისტი, სამართლის მაგისტრი).
1996 წლის 30 მაისს დაბადებული ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების“ დაფუძნებიდან იყო მისი წევრი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მას 15 000 ლარი აქვს ფულადი სახით პარტიისათვის შეწირული.
ღუდუშაურმა და ჯულაყიძემ ომბუდსმენის მოადგილეების "პოსტებზე" ეკატერინე სხილაძე და გიორგი ბურჯანაძე შეცვალეს, რომლებმაც თანამდებობები 30 მარტს დატოვეს.
აპარატში რჩება ლევან იოსელიანის მესამე მოადგილე თამარ გვარამაძე, რომელიც ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე ომბუდსმენის მოვალეობას ასრულებდა. იგი აგრძელებს სახალხო დამცველის პირველი მოადგილისა და აპარატის უფროსის პოსტზე მუშაობას.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტს, გენდერის დეპარტამენტს, თანასწორობის დეპარტამენტს, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს და დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.