ზელენსკი – უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებების ხაზი 1200 კილომეტრზე მეტია
05/04/2023 05:32:34 მსოფლიო
უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებების ხაზი ახლა 1200 კმ-ზე მეტია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 აპრილს შეერთებული შტატების გუბერნატორთა ეროვნული ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მე ახლახან დავასრულე მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც განთავისუფლებულია რუსული არმიისგან ან ესაზღვრება საბრძოლო ზონას. ეს ყველაფერი კოლოსალური ტერიტორიაა. უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებების ხაზი ახლა 1200 კმ-ზე მეტია. ეს იგივეა, როგორც ვაშინგტონიდან ჩიკაგომდე და უკან! ზოგადად ფრონტი კიდევ უფრო დიდია", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ქალაქებსა და სოფლებში, საიდანაც "რუსეთის დროშა ან უკვე ჩამოვაგდეთ, ან ჩვენ ვემზადებით მის ჩამოსაგდებად."
მანამდე უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობამ და პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადეს, რომ უკრაინის კონტრიერიში აპრილ-მაისში შეიძლება დაიწყოს. მის სავარაუდო მიმართულებად მრავალი ექსპერტი მიიჩნევს სამხრეთს - ზაპოროჟიესა და, შესაძლოა, ხერსონის ოლქებს.
მარტის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის გამოცემა Yomiuri Shimbun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი აღჭურვილობის სიმცირის გამო ჯერჯერობით არ შეუძლიათ კონტრიერიშის დაწყება. „ამუნიციას ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვებს იყენებს, ვიდრე უკრაინის ჯარები.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ „უკრაინა თავის მამაც დამცველებს კონტრიერიშზე ვერ გაგზავნის საკმარისი რაოდენობის შეიარაღების გარეშე“.


