ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა
04/04/2023 19:53:26 მსოფლიო
აშშ–ის ექს–პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.
მანამდე მას ბრალი წაუყენეს. ტრამპმა თავი უდანაშაულოდ ცნო ბრალდების 34-ივე პუნქტში.
შემდეგი პროცესი 4 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.
გამოძიების თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის იურისტებმა სტორმი დენიელსს ტრამპთან რომანის საიდუმლოდ შენახვის მიზნით გადაუხადეს 130 ათასი დოლარი, რომელიც იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. ეს ფაქტი 2018 წელს აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა. დენიელსი ტრამპთან რომანს ადასტურებს, ტრამპი კი, ამას უარყოფს.
ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას "პოლიტიკური დევნა და არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა" უწოდა.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის პირველია, ვისაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.


