Accentnews.ge
თეთრი სახლი – ტრამპის დაკავების თაობაზე: "ეს არ არის ის საკითხი, რომელიც პრეზიდენტი ბაიდენის ყურადღების საგანია"

თეთრი სახლი – ტრამპის დაკავების თაობაზე: "ეს არ არის ის საკითხი, რომელიც პრეზიდენტი ბაიდენის ყურადღების საგანია"

04/04/2023 18:16:00 მსოფლიო

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იცის მისი წინამორბედის დონალდ ტრამპის ბრალდების შესახებ, თუმცა "ეს არ არის ის საკითხი, რომელიც მისი ყურადღების საგანია".

"პრეზიდენტი აპირებს, ყურადღება გაამახვილოს ამერიკელ ხალხზე, როგორც ამას ყოველდღიურად აკეთებს. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც მისი ყურადღების საგანია. იგი აპირებს, ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილოს, როგორიცაა ფასების შემცირების თემა ამერიკელი ხალხისთვის“, - განაცხადა თეთრი სახლის სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა CNN-ის ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მივიდა მანჰეტენის ოლქის პროკურატურაში ქვემო მანჰეტენში, სადაც იგი დაკავებულია და პოლიციის პატიმრობაში იმყოფება მის მომავალ სასამართლო სხდომამდე, – იუწყება CNN.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ დაკავების ფარგლებში ტრამპის თითის ანაბეჭდებს აიღებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია გადაუღებენ თუ არა დაკავების ფოტოს. შემდეგ მას სასამართლო დარბაზში მიიყვანენ და ბრალდებებს წარუდგენენ.

როგორც CNN იტყობონება, ტრამპის სასამართლოში გამოჩენა დიდი ალბათობით, სწრაფი და რუტინული იქნება.

31 მარტს მანჰეტენის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას სისხლის სამართლის საქმეზე მხარი დაუჭირა. გამოძიების თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის იურისტებმა სტორმი დენიელსს ტრამპთან რომანის საიდუმლოდ შენახვის მიზნით გადაუხადეს 130 ათასი დოლარი, რომელიც იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. ეს ფაქტი 2018 წელს აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა. დენიელსი ტრამპთან რომანს ადასტურებს, ტრამპი კი, ამას უარყოფს.

ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას "პოლიტიკური დევნა და არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა" უწოდა.

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის პირველია, ვისაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

აშშ-ში მიმდინარეობს არაერთი გამოძიება დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების სავარაუდო, ფინანსური მაქინაციების გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S