
რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გოფოძე პროკურატურაში დაიბარეს
04/04/2023 15:39:40 საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გოფოძე პროკურატურაში დაიბარეს და გამოკითხეს.
როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გოფოძემ "ფორმულას" უთხრა, გამომძიებლის კითხვები რესპუბლიკურში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს ეხებოდა, რომლებიც ორი წლის წინ პანდემიის დროს ჩატარდა.
"შეკითხვები შეეხებოდა პანდემიის დროს მიმდინარე კლინიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს",- აცხადებს გოფოძე.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა გამოკითხვაზე დაბარება იყოს ზეწოლის მცდელობა, რადგან თავადაც მონაწილეობს კლინიკის ექიმების აქციაში, გოფოძემ შემდეგი განაცხადა:
"იმის იდეას, რომ რესპუბლიკური უნდა გადარჩეს, ვიზიარებთ ყველა. ამიტომაც რაიმე ზეწოლის განხორციელება ამ მიმართულებით არ მგონია იყოს ჩემზე".
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები რამდენიმე კვირაა, აქციებს მართავენ და სამინისტროს მიერ დაანონსებულ კლინიკის ნგრევას აპროტესტებენ.
22 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლებმა ღია წერილში აღნიშნეს, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "სახელმწიფოს აქვს კარგი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო". მისი თქმით, "არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე".