Accentnews.ge
ფინეთის პრეზიდენტი - რუსებმა სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია

ფინეთის პრეზიდენტი - რუსებმა სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია

04/04/2023 14:10:16 მსოფლიო

რუსებმა, გარკვეულწილად, სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია , - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

“მადლობა მინდა, გადაგიხადოთ. მახსოვს, რომ ფინეთის გაწევრიანებას ჯერ კიდევ 2021 წელს განვიხილავდით, მას შემდეგ კიდევ ლამის 10-ჯერ გვისაუბრია. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ფინეთისთვის. ვხედავ, რომ ნატოსთვისაც მნიშვნელოვანია. უსაფრთხოება და სტაბილურობა - ამ ელემენტებს ჩვენ ძალიან ძლიერად ვგრძნობთ. გვსურს, რომ ხალხი უსაფრთხო გარემოში ცხოვრობდეს, რათა ბედნიერი ცხოვრება შეძლონ, ფინელები კი უკვე ბედნიერები არიან. ბევრი ისტორიული მომენტი გვინახავს, მაგრამ დღევანდელი დღე ყველაზე ისტორიულია ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც… არ გვსურს სხვები გვკარნახობდნენ რა უნდა ან არ უნდა გავაკეთოთ. რუსებმა, გარკვეულწილად, სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია”, - განაცხადა ნიინისტომ.

თავის მხრივ, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ფინეთს ახლა ყველაზე ძლიერი მეგობრები ჰყავს.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ მეტი ნატო მიიღო:

"ეს კარგია ფინეთის, ჩრდილოეთის უსაფრთხოებისთვის, მთლიანად ნატოსთვის. ფინეთს მნიშვნელოვანი და ბევრი შესაძლებლობის მქონე [შეიარაღებული] ძალები ჰყავს, დიდი გამოცდილებით. ძალიან ამაყი ვარ მივესალმო ფინეთს, როგორც სრულფასოვან წევრს. ასევე, იმედი მაქვს, რომ მალე შვედეთსაც მივესალმებით. ფინეთს ახლა ყველაზე ძლიერი მეგობრები ჰყავს. პუტინს სურდა, რომ ნატოს კარი დაკეტილიყო. მან წარუმატებლობა განიცადა, ნახა, რომ აგრესია და დაშინება არ მუშაობს. ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ მეტი ნატო მიიღო".

ცნობისთვის: 2022 წლის 29 ივნისს ნატო–ს ქვეყნებმა ოფიციალურად მიეწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და უსაფრთხოების მიზნით ნატო–ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ალიანსში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება ნატო–ს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. შვედეთის ნატო–ში გაწევრიანებას ამ ეტაპზე თურქეთი და უნგრეთი აყოვნებენ. ბოლო პერიოდში თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს იმ პირობების შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზე თურქეთი გასულ წელს შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერას დასთანხმდა.

ფინეთი რუსეთთან 1300–კილომეტრიან საზღვარს იზიარებს. შესაბამისად, რუსეთმა ალიანსთან ახალი 1300–კილომეტრიანი საზღვარი მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S