ლავროვი – ევროკავშირი თავადაა დამნაშავე, რომ რუსეთი დაკარგა
04/04/2023 11:49:40 მსოფლიო
რუსეთი კვლავ აცხადებს, რომ „უკრაინის კრიზისი“ დასავლეთის მიერ რუსეთის ინტერესების იგნორირებამ გამოიწვია.
გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტისთან" ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და ძირითადად, ეხება რუსეთის ურთიერთობებს ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებთან, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ „კოლექტიურ დასავლეთს“ რუსეთის „სტრატეგიული მარცხი“ სურს.
გამოცემის ჟურნალისტმა ლავროვს ჰკითხა, მაშინ, როცა ადრე ევროკავშირის ქვეყნებს ხშირად სტუმრობდა, დღეს კი „გასაგები მიზეზებით მივლინებების გეოგრაფია შეიცვალა“, ფიქრობს თუ არა, რომ „ევროკავშირმა რუსეთი მრავალი წლით დაკარგა“.
ლავროვი დაეთანხმა ფორმულირებას, რომ ევროკავშირმა რუსეთი „დაკარგა“ და განაცხადა, რომ "ამაში თავად ევროკავშირია დამნაშავე, რადგან გაერთიანების და მისი წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთს სტრატეგიული მარცხი უნდა მიაყენონ, იარაღით და საბრძოლო მასალებით ბერავენ კიევის დამნაშავე რეჟიმს და უკრაინაში აგზავნიან ინსტრუქტორებს და დაქირავებულ პირებს". რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მიზეზთა გამო ევროკავშირს „არამეგობრულ გაერთიანებად“ განიხილავენ.
ევროკავშირის სახელმწიფოები რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას მასშტაბურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევენ. ევროკავშირის სანქციების ქვეშ არიან რუსეთის საბანკო-ეკონომიკური სისტემა, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები და კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერები.


