ლიეტუვამ შეაჩერა მოქალაქეობაზე განაცხადების მიღება რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისგან, ასევე მათ ნაწილს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა აუკრძალა
04/04/2023 11:40:03 მსოფლიო
ლიეტუვამ შეაჩერა რესპუბლიკის მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადების მიღება რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისგან, ასევე ჩერდება უკვე შეტანილი განაცხადების განხილვა.
გარდა ამისა, რუსეთისა და ბელარუსის არარეზიდენტ მოქალაქეებს ლიეტუვაში უძრავი ქონების შეძენა დროებით აეკრძალათ. შესაბამისი კანონი ქვეყნის პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო. მიზეზად ეროვნული უსაფრთხოება სახელდება.
რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენაზე გამონაკლისს წარმოადგენენ ლიეტუვაში ცხოვრების უფლების მქონეები, რომლებსაც სამშობლოში დევნა ემუქრებათ.
გარდა ამისა, ლიეტუვისა და უცხოეთის სავიზო სამსახურებში წყდება განაცხადების მიღება ლიეტუვის ვიზების მიღებაზე, მათ შორის ეროვნულისა, იმ შემთხვევების გარდა, როცა საბუთები შეაქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამავლობით.
ასევე წყდება ლიეტუვაში ცხოვრების უფლების გაცემა იმ პირებზე, ვისაც არ მოეპოვება შენგენის ან ნაციონალური ვიზები ან ლიეტუვასა თუ ევროკავშირში ცხოვრების უფლება.
ამასთან, კანონის თამახმად, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის გარე საზღვრის გავლით ჩავლენ ლიეტუვის ტერიტორიაზე, დამატებით დეტალურად შემოწმდებიან ინდივიდუალური წესით.


