Accentnews.ge
„25 აპრილამდე ვეღარ მოგცემთო!“: არის თუ არა დეფიციტში, მათ შორის, დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

„25 აპრილამდე ვეღარ მოგცემთო!“: არის თუ არა დეფიციტში, მათ შორის, დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

04/04/2023 11:16:58 საზოგადოება

ბოლო პერიოდში მოსახლეობაში მზარდია შიში, რომ ქვეყანაში არაა საკმარისი მარაგი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებისა, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტი აფინანსებს.

როგორც პროგრამით მოსარგებლეები, რომლებიც ინსულინს ან სხვა პრეპარატს მოიხმარენ, ყვებიან, რომ სახელმწიფო სამი თვის მარაგს აღარ გასცემს და ორ კვირაში ერთხელ რეგიონებიდან იმ კონკრეტულ კლინიკებში უწევთ მისვლა, სადაც მედიკამენტების გაცემის პუნქტებია განთავსებული. ამგვარი კი ქვეყნის მასშტაბით ჯამში ცხრა ლოკაციაა. პროგრამით მოსარგებლეები განმარტავენ, რომ საკმაოდ რთულია მათთვის პრეპარატის მისაღებად სხვა ქალაქში ჩასვლა. გარდა ამისა, მათი პანიკის საფუძველი წამლების გაცემის ვადის შემცირება გახდა. მეტიც, მათი თქმით, გარკვეულ შემთხვევები მათ მხოლოდ რამდენიმე დღის მარაგის მიღება შეძლეს და ეს მედიკამენტები ვერც აფთიაქებში მოიძიეს, „თურქეთიდან იმპორტირებული მსგავსი პრეპარატი იმ ხელმისაწვდომი ფასით, რომლითაც გსურთ შეძენა, მარაგში აღარ არისო“. სააფთიაქო ქსელთა ნაწილი აცხადებს, რომ დეფიციტსა და მარაგებზე საუბარი არ იქნება რელევანტური, ვიდრე სამინისტრო არ განიხილავს რეფერენტული ფასწარმოქმნის შესახებ ფასის „ჭერთან“ დაკავშირებით შესულ საჩივრებს, არ მიიღწევა გარკვეული შეთანხმება, რადგან რიგი მედიკამენტების შემოტანა შესაძლოა, მართლაც დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ იმ მიზეზით, რომ დისტრიბუტორებმა განსაზღვრულ ფასად მისი შემოტანა უბრალოდ ვერ შეძლონ.

  • „სამი თვის ნაცვლად 10 დღის მარაგს იძლევიან მარტიდან და შემდეგ რა იქნება არ ვიცითო“. ასე მითხრეს პირადად“.
  • „სირცხვილია! ბოლო ამპულა ინსულინს ვიყენებ და არ ვარ დარწმუნებული, შემდეგ მოსვლაზე იმ ერთი ამპულის აღებასაც თუ შევძლებ“.
  • „სირცხვილია! რეგიონებიდან უნდა იარონ ადამიანებმა 1 კვირის სამყოფი წამლის ასაღებად. ვითომ რეგიონებში გადაიტანეს წამლის აღება და მარტო ნოვორაპიდს გვაძლევენ. ამას ეძახით მოწესრიგებულიაო?“.
  • „გამოდის, რომ ამდენი ხალხი შტერები ვართ, გვაძლევენ მარაგს, ჩვენ კი გვგონია, რომ არ გვაძლევენ. 1 პიდრა მოგვცეს სამი დღის წინ და გვითხრეს, 25 აპრილამდე ვეღარ მოგცემთო. უეჭველი ვიცი, რომ ყიდვა დაგვჭირდება. არადა თურქეთიდან იმპორტირებული, რომელიც ხელმისაწვდომია ფასით, მარაგში აფთიაქებსაც აღარ აქვთ!“.

შეშფოთებული მოქალაქეების მსგავსი შინაარსის შეტყობინებები სოციალურ ქსელში არც თუ იშვიათია. მათ შეშფოთებას იზიარებს ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი ვატო სურგულაძეც:

„როდესაც გრჩება მარაგი, უნდა გათვალო ეს და ტენდერი ადრე გამოაცხადო. ტენდერს თავისი პროცედურა აქვს, მოწოდების, გარანტიის ვადები. ნაცვლად იმისა, რომ ტენდერი ოქტომბერში ან ნოემბერში გამოეცხადებინათ, რაც შესაძლებელი იყო, არ გააკეთეს. მედიკამენტების მარაგი არ არის შესაბამისი. ეს ეხება როგორც ინსულინს, ნეორალს (სერიოზულ მედიკამენტებს, რომელიც ღვიძლ გადანერგილ ადამიანებს სჭირდებათ და ამის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ), ვასოპრესინს (უშაქრო დიაბეტით დაავადებულ მოსახლეობას) და კიდევ გარკვეულ ჯგუფს“.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აბაზარაშვილი კი ირწმუნება, რომ ბაზარი სტაბილურია:

„ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. უკმაყოფილება, რომელიც დღეს არსებობს, იმაში მდგომარეობს, რომ წინა წელს ერთ მისვლაზე სამი თვის მარაგის გაცემა ხდებოდა, ეს იყოს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ეს გავაუმჯობესეთ და დღეისთვის ცხრა სხვადასხვა ლოკაციაზე (არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებში) ხდება ინსულინის გაცემა და ის რომ ერთ მისვლაზე სამი თვის ნაცვლად შესაძლოა, გაიცემოდეს ორი კვირის ან ერთი თვის, არ ნიშნავს რომ ამ მიმართულებით დეფიციტია“.

პრობლემები, რომლებზეც სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები საუბრობენ, ეხება მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასწარმოქმნის პროგრამა მოქმედებს. ჯანდაცვის სპეციალისტები კი შიშობენ, რომ მომავალში შესაძლოა ბაზრიდან ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტებიც გაქრეს. საქმე იმაშია, რომ როგორც მინისტრი აანონსებს, კიდევ 2 000–მდე მედიკამენტი უნდა დაემატოს რეფერენტული ფასწარმოქმნის პროგრამას. ამდენად, თუ მედიკამენტი არ ჩაჯდება გარკვეულ ფასთა კატეგორიაში, სრულიად შესაძლებელია, მან ქართული ბაზარი დატოვოს (მაგრალითად, ამჟამად დეფიციტშია რიგი მედიკამენტები, მათ შორის, ფიზიოტენზი, სერტრალინი, ლიპრიმარი 40–მილიგრამიანი). შესაბამისად, სპეციალისტების პროგნოზით, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ აფთიაქებში აღარ გვქონდეს საშუალება, შევარჩიოთ სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული მედიკამენტი. ეს კი ხელს შეუწყობს „შავი ბაზრის“ გაჩენას და უხარისხო მედიკამენტების შემოდინებას. ამის მიზეზად კი სპეციალისტები დისტრიბუტორებისა და მწარმოებლების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას და აქტიური კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S