აშშ უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის
03/04/2023 18:02:15 მსოფლიო
შეერთებული შტატები უკრაინას ამ კვირაში დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის,- იუწყება თეთრი სახლის.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის თქმით, უკრაინა კვლავ იბრძვის ქალაქ ბახმუტისთვის და ბრძოლა დასრულებული არ არის. ამ განცხადებით ის გამოეხმაურა "ვაგნერის" დამფუძნებლის ცნობას ქალაქის დაკავების შესახებ, რასაც უკრაინის სარდლობა არ ადასტურებს.
უკრაინის არმიის პრესმდივანმა 3 აპრილს განაცხადა, რომ ბახმუტსა და მის მიმდებარე ქალაქებში ბრძოლა გრძელდება.
"ბახმუტი უკრაინის ძალებისაა და მათ არაფერი დაუპყრიათ და ამისგან ძალიან შორს არიან, რბილად რომ ვთქვათ", - უთხრა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დანაყოფის ხელმძღვანელმა სერგი ჩერვატიმ სააგენტო "როიტერსს". მისი თქმით, ვაგნერის ძალებმა დროშა მიამაგრეს "რაღაცის გვერდით, დაკიდეს თავიანთი ჩვარი და გამოაცხადეს, ქალაქი დავიკავეთო".
პრიგოჟინმა ტელეგრამის არხით გავრცელებულ ვიდეოში 2 აპრილს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა დროშა აღმართეს ბახმუტის ადმინისტრაციული შენობის თავზე. "იურიდიული კუთხით, ბახმუტი დაკავებულია. მტერი კონცენტრირებულია [ქალაქის] აღმოსავლეთით", - თქვა პრიგოჟინმა.
ბახმუტისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი რესურსი გაიღეს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხარეებმა მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსთა თქმით, ქალაქს არ აქვს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა. ბახმუტისთვის თვეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლას მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანად უკრაინის და რუსეთის ძალებს შორის, მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა.
იხილეთ ასევე: უკრაინისთვის NATO–ს დახმარებამ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს გადააჭარბა


