CIA-ს კონტრდაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი პუტინის სამხედროების მიერ დამხობას პროგნოზირებს
03/04/2023 16:48:45 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა დაამხონ სამხედრო გადატრიალების შედეგად უკრაინაში წარუმატებლობის სერიის გამო, რამაც გენერლები, ოლიგარქები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები მის წინააღმდეგ განაწყო,– ეს მოსაზრება The Sun-თან ინტერვიუში CIA-ს კონტრდაზვერვის ყოფილმა უფროსმა ჯეიმს ოლსონმა გამოთქვა.
ამერიკული დაზვერვის 30–წლიანი სტაჟის მქონე ვეტერანის თქმით, პუტინმა პუტინმა სერიოზულად "არასწორად გათვალა", გადაჭარბებულად შეაფასა თავისი არმია და მისი ხელმძღვანელობა და ახლა ჩიხშია - ომში გამარჯვება მისთვის ძნელად შესაძლებელია, ამის გარეშე კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს.
„თუ პუტინი დარჩება ხელისუფლებაში, ხანგრძლივი ომი იქნება, რადგან ის არ დანებდება. მაგრამ არა მგონია, პუტინი დარჩეს ხელისუფლებაში. ვფიქრობ, მას მოხსნიან“, - თქვა ოლსონმა და დასძინა, რომ „არ გამორიცხავს“ რუსეთის პრეზიდენტის მკვლელობას.
რუსული არმიის დანაკარგები უკრაინაში იზრდება და, ოლსონის თქმით, 10-ჯერ აღემატება ავღანეთში საბჭოთა არმიის დანაკარგს, რაც არმიისთვის ჩავარდნა და სსრკ-ს დაშლის დასაწყისი აღმოჩნდა.
„ვვარაუდობ, რომ არსებობენ გენერლები, რომლებიც ღრმად უკმაყოფილონი არიან ადამიანების ტრაგიკული დაკარგვით. და ისინი შეიძლება გახდნენ პუტინის წინააღმდეგ აჯანყების წამქეზებლები“, - თქვა ოლსონმა.
მან დასძინა, რომ ამ შემთხვევაში პუტინი შეიძლება ჩაითვალოს "მოსიარულე გვამად", რადგან ის "ვერ გადაიტანს" სამხედრო ბუნტს, რომელსაც შესაძლოა, ელიტის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
„ვფიქრობ, სამხედრო, სადაზვერვო სამსახურებში და ოლიგარქებს შორის პუტინისადმი ძლიერი წინააღმდეგობა არსებობს“, - თქვა ოლსონმა და დასძინა, რომ პუტინის „ლიკვიდაციის“ შემდეგ უკრაინაში ომი დაუყოვნებლივ დასრულდება.
70 წლის პუტინი, რომელიც პრეზიდენტი 2000 წელს გახდა, ყველაზე დიდხანს მართავდა რუსეთს იოსებ სტალინის შემდეგ. საკონსტიტუციო რეფორმა მას შესაძლებლობას აძლებს, დარჩეს ხელისუფლებაში 2036 წლამდე.
კრემლმა უკვე დაიწყო მზადება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელზეც პუტინი ისურვებდა მეტი ხმის მიღებას, ვიდრე წინა არჩევნების დროს, განუცხადეს РБК -ს სიტუაციის მცოდნე წყაროებმა.
მათი თქმით, გუბერნატორებს დაევალათ 70%-იანი აქტივობის და ხმათა 75%–ის უზრუნველყოფა "მთავარი კანდიდატისთვის". 2018 წლის არჩევნებზე რუსეთის ცესკომ განაცხადა, რომ პუტინის ხმების 76,69% მიიღო 67,54%–იანი აქტივობის პირობებში.


