Accentnews.ge
გრიგორიადისი "მიზანში": ხელისუფლების მიდგომის ოთხი პრობლემა

გრიგორიადისი "მიზანში": ხელისუფლების მიდგომის ოთხი პრობლემა

03/04/2023 12:59:12 ანალიზი

მმართველმა გუნდმა, რომელიც კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის შემთხვევაში ზედმიწევნით „იცავს“ უდანაშაულობის პრეზუმფციას, „განაჩენი“ გამოუტანა ლაზარე გრიგორიადისს ისე, რომ საქმის არსებითი განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა. 21 წლის კაცს გამოძიება 7-9 მარტის აქციებზე “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება.

მის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია, რომელიც ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიებებას უნდა ისახავდეს მიზნად, დაკავების მომენტიდან გაჩარდა ჯერ პროსახელისუფლებო მედიარესურსების გამოყენებით, შემდეგ მმართველი გუმდის წევრების ჩართულობით. ის უკვე გამოაცხადეს „ექსპრემისტად“, „ანარქისტად“, „ორიენტაცია არეულად, გზას აცდენილ კაცად“, რომელმაც „პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა“. ბრალდების მხარე პირველ სასამართლო სხდომაზე ხაზს უსვამდა, რომ ლაზარე ადრეც იყო ნასამართლევი, გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლებული და ახლაც არსებობდა საფრთხე, რომ საპატიმროში თუ გაუშვებდნენ, კვლავ ჩაიდენდა დანაშაულს. ლაზარეს ადვოკატები მის ნასამართლეობაზე აქცენტს პროპაგანდისტულ ნარატივად მიიჩნევდნენ და მოსამართლეს ახსენებდნენ, რომ ახალგაზრდა კაცის მიმართ სისხლის სამართლის ის საქმე, რაშიც ბრალი ედებოდა, შეწყდა მომჩივნის არარსებობის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ნასამართლეობაზე ხაზგასმა კონკრეტული მუხლებით მითითებით შსს–მ მოახდინა, რაც მისი პრაქტიკის გათვალისწინებით უჩვეულო იყო და მაშინვე მიიქცია ყურადღება. დღეს კი თანაგუნდელებს კონკრეტული ახალგაზრდის დამნაშავედ ხელაღებით გამოცხადებაში შეუერთდა პრემიერ–მინისტრიც, რომელმაც მანამდე აქციებში მონაწილე ახალგაზრდები აღწერა, როგორც “ექსტრემისტული დაჯგუფება, ანარქისტები, პროვოკატორები, სატანის ფორმიანები“, ხოლო მათ მიზნად “მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება” დაასახელა. “შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე“, - თქვა მან 12 მარტს “იმედთან” ინტერვიუში. პრაქტიკულად იგივე გაიმეორა მან 3 აპრილს მთავრობის სხდომაზე. ლაზარე გრიგორიადისს სახეზე ტატუები და პირსინგები აქვს, თმები შეღებილი - მისი მეგობრები და მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ სწორედ გარეგნობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ის პოლიციის “სამიზნე“ გახდა: გამოიყენონ მისი პერსონა საზოგადოებრივი განწყობების კრისტალიზებისთვის და თუ ეს გამოვიდა, შემდეგ განწყობა განავრცონ მთლიან პროტესტზე, რომელმაც ხელისუფლებას უკან დახევა აიძულა.

ყოფილი სახალხო დამცველი, უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი მსგავს მიდგომაში მინიმუმ ოთი სახის პრობლემას გამოკვეთს:

  • არაჰუმანურობა;
  • უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა;
  • მართლმსაჯულებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა;
  • შერჩევითი სამართალი.

უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის კონტექსტში უფლებადამცველი მმართველ გუნდს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ახსენებს, მათ შორის, „ციანიდის“ საქმეზე:

„ევროსასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. იგივე რამდენიმე სხვა საქმეშიც დაფიქსირდა. ანუ ეს ზოგადად პრობლემაა და მისი მიზანია გამოძიებაზე, სასამართლოზე ზეწოლა, რათა დაიდოს პოლიტიკური ხელისუფლებისთვის მისაღები შედეგი“.

მისი ანალიზის მიხედვით, მსგავსი დამოკიდებულება ხაზს უსვამს საქმის პოლიტიკურ ხასიათს და ადვოკატს ამ განცხადებების სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობა ექნება:

„მსგავსი განცხადებები საწყის ეტაპზევე მიუთითებს, რომ ხელისუფლება საქმის პოლიტიზირებას ცდილობს, მას პოლიტიკური ინტერესი მეტად აქვს. ცალკე პრობლემაა დისკრედიტაციის ის კამპანია, რომელსაც ხელისუფლების მხარდამჭერი პირები თუ მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებები აწარმოებენ. რაც მეტი განცხადება გაკეთდება, მეტად გამოჩნდება, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და არა სამართლებრივი საქმე.

გარდა ამისა, საქმე გვაქვს ტიპიურ შერჩევით სამართალთან – როდესაც მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისგებაში მცემა ხდება და არაა საუბარი იმ დარღვევებზე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იქნა ჩადენილი: დაწყებული მშვიდობიანი მიტინგის დაშლის გადაწყვეტილების მიმღებზე (ეს ცალსახად უკანონო იყო), შემდეგ ძალის გადამეტებაზე, მის არაპროპორციულ გამოყენებაზე, ყველა კონკრეტულ შედეგზე, რომელიც დადგა – პოლიციამ და ხელისუფლებამ მოახდინა ძალადობის ესკალაცია. ეს არ ყოფილა თავიდანვე. თუ მოხდა ძალადობა, ვნახეთ, რომ ეს მოხდა ბოლო ეტაპზე. როდესაც მთელი რიგ დარღვევებზე არ ხდება აქცენტირება და არც ერთი საქმე არაა აღძრული, ცხადია, ეს კითხვებს აჩენს, მით უფრო, რომ ადამიანმა ძალის გადამეტებული გამოყენების გამო თვალი დაკარგა, დაზარალდა ათობით ადამიანი!“.

იხილეთ ასევე: ღარიბაშვილი –7-9 მარტის აქციების შესახებ: "სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ დაშავებულა რეალურად"

ნანუაშვილი ხელისუფლებას ახსენებს, რომ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მსგავსი დარღვევები სტრასბურგის მხრიდან არ რჩება შეუმჩნეველი და რომ ამის გამო წააგო რამდენიმე საქმე.

ამჟამად გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რაც აპელაციის წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი ბრალდების მტკიცებულებებს ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა მათზე საუბარს თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმების შემდეგ გეგმავს. ასევე გასარკვევია, რა პირობებში მისცა ლაზარემ გამოძიებას ჩვენება პოლიციის შენობაში, ადვოკატის გარეშე. ამ ჩვენებაში 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი აღიარებს “მოლოტოვის კოქტეილის” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას. ადვოკატი ლიკა ბითაძე ეჭვობს, რომ ეს ჩვენება შესაძლოა, ზეწოლის შედეგად იყოს მიცემული და ამ საკითხზეც ისაუბრებს თავის დაცვის ქვეშ მყოფთან საპატიმროში ვიზიტისას. სასამართლო სხდომაზე, რომელიც აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა, 21 წლის ლაზარემ თქვა, რომ სურს, სასამართლოს ხელახლა მისცეს ჩვენება, მანამდე კი დუმილის უფლებას გამოიყენებს.

განახლება

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალგაზრდა კაცის უფლებები ცალსახად დაიღვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S