ჩინეთი ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსების წინააღმდეგია
03/04/2023 05:42:40 მსოფლიო
ჩინეთი მოუწოდებს ბირთვული იარაღის მფლობელ ქვეყნებს, იგი სხვა სახელმწიფოებში არ განათავსონ. შესაბამისი გზავნილი გაერო-ს უშიშროების საბჭოში ჩინეთის ელჩმა გენ შუანმა გააჟღერა.
"ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების შესახებ შეთანხმებები გაუქმდეს, უცხოეთში მის განთავსებაზე უარი ითქვას და უკვე განთავსებული მფლობელ სახელმწიფოებში იქნას გატანილი" - განაცხადა ელჩმა.
ასე გამოეხმაურა ჩინეთის წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში, პოლონეთის საზღვართან განათავსოს, რის შესახებაც გასულ კვირას გახდა ცნობილი.
საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა.
უკრაინაში ომის დაწყების დროიდან ჩინეთი რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა, თუმცა ღიად ამ დრომდე არ დაუჭერია მხარი არც რუსული აგრესიისთვის, არც უკრაინული ტერიტორიების ანექსიისთვის. ამასთან, პეკინმა ცალსახად განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის არათუ გამოყენება, ამაზე საუბრებიც კი მიუღებელია.
ახალი ვადით არჩეულმა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პირველი ვიზიტი მოსკოვში განახორციელა. მისი შეხვედრა პუტინთან განსაკუთრებულ პიკანტურობას იძენდა იმ ფონზე, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ დროისთვის უკვე გაცემული ჰქონდა უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი. ეს გარემოება მოსკოვის თვალში ძინპინის ვიზიტის მნიშველობას კიდევ უფრო ზრდიდა და განსაკუთრებულ მოლოდინებს უჩენდა, თუმცა ჩინეთის ლიდერმა უარი განაცხადა დასავლეთთან პუტინის გეოპოლიტიკურ კონფლიქტში მისი ქვეყნის ჩაბმაზე და როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკუაგდო რუსი კოლეგის წინადადება ანტიდასავლური ბლოკის ჩაოყალიბების შესახებ.
ანალიტიკოსები ასევე თვლიან, რომ პეკინის მსგავს პოზიციაზე უკრაინის ომის ფონზე რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანმა ვარდნამ მოახდინა გავლენა.
"ჩინეთს მნიშნელოვანი როლი აკისრია რუსეთზე ზეწოლაში" - განუცხადა ამასწინათ "Financial Times"-ს საფრანგეთის იდერმა ემანუელ მაკრონმა.


