ISW: რუსეთმა ზამთრის შეტევის მიზნებს ვერ მიაღწია
03/04/2023 05:38:24 მსოფლიო
რუსეთმა ზამთრის შეტევის კრემლის მიერ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, - წერს ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინულ, რუსულ და დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით
როგორც მის მორიგ მოხსენებაშია აღნიშნული, რუსულმა ძალებმა კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნა-ლიმანის ხაზსა და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილის ცალკეულ მონაკვეთებზე შეტევები ჯერ კიდევ თებერვალში წამოიწყეს, თუმცა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში აღება მარტის ბოლომდეც ვერ მოახერხეს, დონბასზე რუსული კონტროლი ვერ გააფართოვეს და უამრავი მობილიზებულის სიცოცხლის ფასად მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებებით შემოიფარგლნენ.
ამასთან, როგორც ISW აღნიშნავს, რუსი სამხედრო ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ახლა პუტინის არმიას ბახმუტსა და ავდეევკაში შეტევის შეწყვეტა მოუწევს, რათა 16 აპრილიდან 9 მაისამდე მოსალოდნელი უკრაინული კონტრშეტევისთვის მოემზადოს.
"ისინი იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ ზამთრის განმავლობაში ვერც ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ვერ შედგა და ახლა რუსულ ჯარს ბახმუტსა და ავდეევკაზე უარის თქმა უწევს, მაშინ, როცა უახლოესი კვირების განმავლობაში მათი ვერაღების შემთხვევაში რუსეთი მსხვილმასშტაბიან შეტევით ოპერაციას უბრალოდ ვეღარ გააგრძელებს" - ნათქვამია მოხსენებაში.
ISW-ს ინფორმაციით, დონეცკის ოკუპირებულ ოლქში როსგვარდიის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ხოდაკოვსკი იზიარებს რუსული არმიის საბრძოლო თეატრის ყოფილი ხელმძღვანელის - გენერალ სერგეი სუროვიკინის მოსაზრებას, რომ რუსეთი თავდაცვით პოზიციაში უნდა გადავიდეს, რადგან "წარუმატებელ შეტევას არა მარტო კადრების დაკარგვა მოაქვს, არამედ სამხედროებში ნეგატიური განწყობების ზრდაც".
ISW-ს მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ ფრონტზე განცდილი მორიგი კრახის გამო რუსეთის სამხედრო სარდლობაში კვლავ საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ამ კუთხით ყურადღება დონის როსტოვში მდებარე გაერთიანებული დაჯგუფების შტაბში ადრე გადაყენებული სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსნდრე ლაპინისა და საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხეილ ტეპლინსკის დაბარებაზე მახვილდება.


