უკრაინის გენშტაბი - ბახმუტზე შტურმი გრძელდება
03/04/2023 05:27:04 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ შტურმს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე.
გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ბახმუტთან მოგერიებულია 20-ზე მეტი შეტევა. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ბახმუტის გარდა, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრშია ავდეევკა და მარინკაც. გენერალური შტაბი ლიმანს ასახელებს კიდევ ერთ რაიონად, სადაც რუსეთს ძირითადი ძალისხმევა აქვს კონცენტრირებული. უკრაინული მხარის თანახმად, ბოლო 24 საათში, ამ 4 მიმართულებით მოგერიებულია 70-ზე მეტი შეტევა.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" რვა თვეა, ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.


