Accentnews.ge
ევროკომისია იხრება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ - მედია

ევროკომისია იხრება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ - მედია

31/03/2023 14:43:43 პოლიტიკა

ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია,– იუწყება რადიო თავისუფლება ბრიუსელში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ამ მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს.

წყაროებისვე ცნობით, ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშების გამოქვეყნების ფონზე, ევროკომისია გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას, რომელთაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი. საქართველო მოლდოვას და უკრაინას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება.

„თანამდებობის პირები ბრიუსელში, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობენ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები, ისე, როგორც წევრი ქვეყნები, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მომხრენი არიან 2023 წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში გახსნან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან. თუმცა ეს გზა შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს“,– აღნიშნავს გამოცემა.

რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი ორი მნიშვნელოვან საკითხზე მიუთითებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია:

1. „პირველ რიგში, დროის - ჯერ მხოლოდ მარტია. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, - ესე იგი, ექვს თვეში. პოლიტიკაში ნახევარი წელი არის მთელი ცხოვრება, ძალიან დიდი დრო და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ამ პერიოდში;

2. მეორეც, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ევროკომისია [მოლდოვისა და უკრაინის] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოვა, საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის 27 წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც უნდა მიაღწიონ კონსენსუსს და დაამტკიცონ ეს რეკომენდაცია“.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს, უკრაინის და მოლდოვის კვალდაკვალ წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა.

2022 წლის ივნისში ევროპულმა კომისიამ, საკითხის უპრეცედენტო სისწრაფით განხილვების შემდეგ, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინაპირობა დაუწესა – 12 რეკომენდაციის შესრულება.

რეკომენდაციების შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება, მნიშვნელოვანი როლი ექნება გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებაში. შეფასების მომზადება აპრილში დაიწყება.

ამასთან, 2023 წლის მაისში ევროკომისია ასევე დახურულ ფორმატში ზეპირად წარადგენს ანგარიშს რეკომენდაციების შესრულებაზე.

საქარველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციიდან ნაწილის შესრულებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, - მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმას, დეოლიგარქიზაციას და ა.შ.. თუმცა რეკომენდაციებში იყო შედარებით მოკლე ვადაში შესრულებადი საკითხებიც.

ასეთი იყო სახალხო დამცველის არჩევა კონსენსუსზე დაფუძნებით, რაც ლაკმუსის ქაღალდად მიიჩნეოდა. სახალხო დამცველად 7 მარტს პარლამენტარებმა 96 ხმით აირჩიეს ლევან იოსელიანი, პარლამენტარი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი.

პარალელურად, „ქართულის ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ, მთელი წლის განმავლობაში ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ, რასაც სტრატეგიული პარტნიორები ეწინააღმდეგებოდნენ.

ოპონენტები მიუთითებდნენ, რომ რუსეთის „აგენტების შესახებ“ კანონის მსგავსი კანონპროექტის მიღებით ქვეყანა უხვევდა კონსტიტუციით განმტკიცებული პროდასავლური კურსიდან.

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ 13 მარტს განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით საქართველომ შესასრულებელი 12 პრიორიტეტიდან 2 დაარღვია.

საბოლოოდ, 7-8-9 მარტს მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ჩააგდო. ევროკავშირი ამ ნაბიჯს მიესალმა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, განაგრძონ მუშაობა რეფორმებზე.

რიკარდ იოზვიაკი, წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზაობამდე მივიდა, ერთი მხრივ, საზოგადოების ნათლად გამოხატული ნების დანახვის, მეორე მხრივ კი დემონსტრაციების გამო ხელისუფლების მიერ კანონპროექტის უკან გაწვევის, - როგორც პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების, - ფონზე.

„წყაროებთან საუბარი ცხადჰყოფს, რომ ამჟამად ბრიუსელში არსებობს პოლიტიკური ნება, დადებითი სიგნალი მიეცეთ მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.

მოლდოვისა და უკრაინისთვის ეს „შემდეგი ნაბიჯი“ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა იქნება, საქართველოსთვის კი - კანდიდატის სტატუსი“,– აღნიშნავს გამოცემა.

არ არის გამორიცხული, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოჰყვეს დამატებითი რეკომენდაციები.

რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებაში პროცესის წინ წაწევის შესახებ გადაწყვეტილებისათვის მზაობას განაპირობებს დროის კიდევ ერთი ფაქტორი:

„ევროკომისია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გააკეთოს წელს, რადგან იცის, რომ მომავალი წელი არის საარჩევნო წელი [2024 წელს ევროპარლამენტის არჩევებია ჩანიშნული], ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფად იმოქმედოს. ოფიციალური პირები ხვდებიან, რომ ისინი დროის გამო ზეწოლას განიცდიან არა მხოლოდ [უკრაინის] ომის გამო, არამედ ევროკავშირის საარჩევნო კალენდრის გამოც“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S