რუსეთმა საგარეო პოლიტიკის კონცეფცია შეცვალა
31/03/2023 12:58:52 მსოფლიო
კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა.
„ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო არენაზე სერიოზული ცვლილებების გამო, საჭირო გახდა ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტები კორექტირებას.
მისივე თქმით, განახლებული კონცეფცია საფუძვლად დაედება ქვეყნის პრაქტიკულ ქმედებებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში და ასევე გახდება კარგი დოქტრინალური საფუძველი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში შემდგომი მუშაობისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, „ეს არის რეაგირება არამეგობრული ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოებას და განვითარებას საფრთხეს უქმნიან. დასავლეთის პოლიტიკის მიზანია, რუსეთის ყველა საშუალებით დაასუსტონ, რაც ჰიბრიდული ომის წარმართვის ახალ სახეობას წარმოადგენს, ფიქრობს რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრი“.
რუსული მედიის ინფორმაციით, განახლებული კონცეფციის ძირითადი დებულებებია:
- რუსეთი თავს არ თვლის დასავლეთის მტრად და მისგან იზოლირებას არ ახდენს;
- რუსეთი იმედოვნებს, რომ დასავლეთი გააცნობიერებს დაპირისპირების უპერსპექტივობას და თანასწორუფლებიან ურთიერთობას დაუბრუნდება;
- მოსკოვი აშშ-ის კურსს განიხილავს, როგორც მისი უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მშვიდობის რისკის მთავარ წყაროს;
- პრიორიტეტი მიენიჭება მსოფლიოში აშშ-ის დომინირების რუდიმენტების აღმოფხვრას;
- განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთთან და ინდოეთთან კავშირებისა და კოორდინაციის ყოვლისმომცველ გაღრმავებას;
- პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარი მიზანი არის რეგიონის გადაქცევა მშვიდობის, კეთილმეზობლობისა და კეთილდღეობის ზონად.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, ამჟამად არაპროვოცირებულ ომს აწარმოებს უკრაინაში, რის გამოც მოექცა საერთაშორისო სანქციების ქვეშ. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ოდერი გასცა.


