ტაილანდის კვალდაკვალ რუსეთის მოქალაქეების ექსტრადირებას ინდონეზიაც იწყებს
31/03/2023 08:57:51 მსოფლიო
ტაილანდის კვალდაკვალ რუსეთის მოქალაქეების ექსტრადირებას ინდონეზიაც იწყებს. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რუს კოლეგასთან ექსტრადაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, - იუწყება "Reuters" და იქვე დასძენს, რომ ხელმოწერის საზეიმო ცერემონია დღეს კუნძულ ბალიზე გაიმართა, საიდანაც ცოტა ხნის წინ სავიზო დარღვევების გამო რუსეთის 13 მოქალაქე გააძევეს.
მანამდე რუსეთთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმებას ტაილანდის მთავრობამ დაუჭირა მხარი. საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ იმყოფებიან და იძებნებიან.
როგორც კი გაფორმებული შეთანხმებები ძალაში შევა, რუსეთის ხელისუფლება ადგილობრივი პოლიციების დახმარებით ქვეყნიდან გაქცეულ მოქალაქეთა დაბრუნებას შეძლებს.
ცნობისთვის: რუსეთის ხელისუფლების მიერ გასული წლის სექტემბერში მობილიზაციის პირველი ტალღის გამოცხადების შემდეგ ტაილანდსა და ინდონეზიას რუსეთის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაკადი მიაწყდა. ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ნოემბრიდან ამა წლის იანვრის ჩათვლით ტაილანდს რუსეთის 233 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიაშურა, ხოლო ინდონეზიას - 77,5 ათასმა.


