ISW – კადიროვს მისი რეჟიმისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და პუტინის ნდობის დაკარგვის ეშინია
30/03/2023 15:12:50 მსოფლიო
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი შეშფოთებულია რესპუბლიკაში შიდა წინააღმდეგობის შესაძლო გაძლიერებით, რაც ძირის გამოთხრით ემუქრება მის ავტორიტარულ მმართველობას, - იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW).
ექსპერტების აზრით, ამას მოწმობს კადიროვის უშუალო და საჩვენებელი მონაწილეობა გუდერმესში მომხდარ თავდასხმაში, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალებმა ორი თავდამსხმელი მოკლეს.
უცნობმა პირებმა წუხელ ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში საოლქო პოლიციის დეპარტამენტს ცეცხლი გაუხსნეს. პირველი შეტყობინება სროლის შესახებ ოპოზიციურმა ტელეგრამ–არხმა NIYSO-მ გამოაქვეყნა. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდასხმის ადგილზე სამხედრო ტექნიკა და სპეცრაზმი გადაისროლა.
29 მარტს რამზან კადიროვი თავის 15 წლის ვაჟ ადამთან და ქვეშევრდომებთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახოცილთა ცხედრები მის ფეხებთან დაყარეს. ISW-ის თანახმად, ამ ჟესტით ჩეჩნეთის ხელმძღვანელს სურდ "გაეუმჯობესოს ძლიერი კაცის იმიჯი" და უჩვენოს, რომ მისი რეჟიმისადმი ნებისმიერი ფორმით წინაღმდეგობა განადგურდება.ანალიტიკოსები ამას უკავშირებენ კადიროვის შიშს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობის დაკარგვის შესახებ, რომელსაც იგი ბოლოს კრემლში მარტის შუა რიცხვებში შეხვდა.
პუტინისა და კადიროვის შეხვედრის შემდეგ, ISW მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელს ეშინია რუსეთის პრეზიდენტის კეთილგანწყობის დაკარგვის უკრაინის ომში ჩეჩნური დანაყოფების საბრძოლო წარმატებების არარსებობის გამო.


