
"მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებული პირის მამა: "მიდის ჩემი შვილის გაშავების პროცესი, თითქოს კონფლიქტი გვაქვს"
30/03/2023 13:52:12 საზოგადოება
"მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მისი შვილის "გაშავების პროცესი, თითქოსდა მას მამასთან კონფლიქტი აქვს".
„ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. გამარჯობათ მეგობრებო, დადის ჭორი და მიდის ჩემს შვილს ლაზარე გრიგორიადის გაშავების პროცესი, თითქოსდა მე და ჩემს შვილს გვაქვს კონფლიქტი და არ გვაქვს კარგი ურთიერთობები, სანამ ვინმეს შვილს რამეში დაადანაშაულებთ გირჩევთ გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ, და საერთოდ იქნებ მე ვარ უვარგისი მამა.... რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ სადაც არ გეხებათ, ლაზარე არის ახალი თაობის წარმომადგენელი და ის ფიქრობს თავისებურად, მე ვაფასებ ყველა ახალგაზრდა ადამიანის უფლებებს და სოცმხედველობას, მინდა შევახსენო მთავრობას ნუ გადაიმტერებთ ახალგაზრდა თაობას. ჩემი მოთხოვნაა, (თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს)", - წერს ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში.
7-9 მარტის აქციების მონაწილე პოლიციამ 29 მარტს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციების მონაწილეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა.
გამოძიების ვერსიით, 2002 წელს დაბადებულმა ლ.გ.-მ 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მან, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
შსს-ს ცნობით, ლ.გ.-ს, რომელიც წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებულია, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული, ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება.