სი ძინპინმა ჩინეთის ომისთვის მზადება ბრძანა
30/03/2023 13:20:07 მსოფლიო
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა სი ძინპინმა ქვეყნის ომისთვის მზადების ბრძანება გასცა და თავის გენერლებს "საბრძოლველად გამბედაობისკენ" მოუწოდა, - წერს "Foreign Affairs" სახალხო წარმომადგენლების ყოველწიურ შეკრებაზე სის გამოსვლაზე დაყრდნობით.
"შემდგომ პერიოდში რისკები და გამოწვევები, რომლებსაც ვაწყდებით, მხოლოდ გაიზრდება და კიდევ უფრო სერიოზული გახდება" - განაცხადა ძინპინმა და შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის სამრეწველო ბაზის მზადების ბრძანება გასცა.
ამასთან, მან აშშ ღიად პირველად გააკრიტიკა. "დასავეთის ქვეყნებმა აშშ-ის თაოსნობით ჩვენს მიმართ ყოველმხრივი შეკავება, ალყაში მოქცევა და ჩახშობა განახორციელეს, რამაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უპრეცედენტოდ მძიმე შედეგები მოუტანა", — განაცხადა ჩინეთის ლიდერმა და განვითარებული მრეწველობის მქონე დემოკრატიებზე ტექნოლოგიური დამოკიდებულების დაძლევა მოითხოვა.
ამასთან, მან ეროვნული თავდაცვის გაძლიერებისა და "ჩინეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდაციის" ბრძანება გასცა.
ძინპინმა ტაივანის დაპყრობაზეც მიანიშნა და განაცხადა, რომ "მთელი ამ მზადების არსი სამშობლოს მომავალ გაერთიანებაში მდგომარეობს".
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ლიდერი მომავალ ომზე გასული წლის შემოდგომაზეც მიანიშნებდა, დეკემბერში კი ქვეყანაში მიიღეს კანონი, რომლის საფუძველზეც "ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიას" ახალი სამხედრო კომისარიატებისა და შეკრების პუნქტების გახსნის უფლება მიენიჭა "ომის შემთხვევაში უმოკლეს ვადებში საკუთარი სარეზერვო ძალების ასამოქმედებლად და საბრძოლო ნაწილების შევსების სისტემის ინსტიტუციონალიზაციისთვის". გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ეროვნული თავდაცვის სამობილიზაციო პუნქტების გახსნა, პროვინცია ფუცზიანში კი, რომელსაც ტაივანისგან სრუტე ყოფს, სამხედრო ჰოსპიტალისა და თავშესაფრების მოდერნიზაცია დაიწყო.


