ფინეთში რუსული სპეცსამსახურების აგენტების მსხვილი ქსელი გაანადგურეს
30/03/2023 13:18:42 მსოფლიო
ფინეთის უსაფრთხოების სამსახურმა (SUPO) რუსული დაზვერვის აგენტების მსხვილ ქსელზე წარმატებული შეტევა განახორციელა, - განაცხადეს, ABC News-ის ინფორმაციით, ფინურ უწყებაში.
"ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშური ოპერაციები ბოლო წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, რასაც სავიზო აკრძალვებმა და რუსული სპეცსამსახურების თანამრომლების გაძევებამ შეუწყო ხელი. რუსეთი ფინეთში სადაზვერვო საქმიანობას ტრადიციულად, დიპლომატიურ საფარქვეშ ეწეოდა, 2022 წელს კი აგენტურული დაზვერვის დანაკლისის კომპენსირებისთვის კიბერჯაშუშობაზე კონცენტრირდა", — განაცხადა SUPO-ს დირექტორმა ანტი პელტტარიმ.
ცნობისთვის: ფინეთს რუსეთთან 1340 კმ-იანი საზღვარი აქვს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ ჰელსინკი მოსკოვისგან ყოველმხრივ დისტანცირებას ცდილობს და თებერვლიდან საზღვარზე 200-კმ-იან ზღუდეს აშენებს, რომლის ნაწილი მიმდინარე წლის ივნისისთვის იქნება მზად. ამასთანავე, ფინეთი საზღვრის გასამაგრებლად ბუნკერებისა და ბლინდაჟების მშენებლობას გეგმავს.
გარდა ამისა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დღემდე ნეიტრალურმა ფინეთმა ნატო-ში გადაწყვიტა გაერთიანება.


