
გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის აპარატს ტოვებს
30/03/2023 11:22:07 საზოგადოება
სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, 31 მარტი მისი ბოლო სამუშაო დღე იქნება.
"ლევანს [იოსელიანს] არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში და შემდეგ კვირას იხილავთ ყველა.62 თვის მანძილზე ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად ვიყავი საჯარო სამსახურში და მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასხმებისა, გვქონდა ერთი ამოცანა - ყველა გაჭირვებული და უფლებადარღვეული ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ", - წერს ბურჯანაძე.
გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. ბურჯანაძე 2022 წლის შემოდგომაზე ახალი სახალხო დამცველის არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა კრიტიკული განცხადებების გამო ქართულმა ოცნებამ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. 7 მარტს კი პარლამენტმა ომბუდსმენად ლევან იოსელიანი აირჩია.