კიევ-პეჩორის ლავრის დატოვების მოთხოვნის პასუხად მიტროპოლიტი პავლე „ღვთის სასჯელით“ დაემუქრა უკრაინის პრეზიდენტს
30/03/2023 11:07:03 მსოფლიო
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს ჯერაც არ დაუტოვებიათ კიევ-პეჩორის ლავრა და მიუხედავად იჯარის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ნაკრძალის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებისა, 29 მარტის დილიდან იქ ღვთისმსახურებას ატარებს.
კიევის დროით დილის ათი საათისთვის წირვა უნდა დასრულებულიყო. იმავე დროს კიევ-პეჩორის ლავრაში უნდა მისულიყო სპეციალური კომისია, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დროებით სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების შეფასება და მისი სახელმწიფოსთვის დაბრუნება ევალება.
მიტროპოლიტმა პავლემ (ლებედმა) განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს კომისიას არ დაუშვებენ ლავრის ტერიტორიაზე: „მათ არ აქვთ უფლება. ვინ არის СНБОУ(უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭო-რედ)? დღეს არის, ხვალ - არა“, - ციტირებს სააგენტო „უნიანი“ მიტროპოლიტის სიტყვებს.
მიტროპოლიტმა პავლემ ერთი დღით ადრე ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის დაემუქრა, რომ ღმერთი არ აპატიებს მას და მის ოჯახს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (უმე) 220 ბერის გამოსახლებას. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა უმე-ს დელეგაციის მიღებაზე და არ შეაჩერა კულტურის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო.
ცნობისთვის: უკრაინის ერთიანი, ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია 2018 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა (საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალია არ უღიარებია.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებამდე, მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდ, დომინანტურ ერთეულად მიიჩნეოდა უკრაინაში მოქმედ რამდენიმე ეკლესიას შორის. კიევ-პეჩერის ლავრა, ქვეყნის მთავარი მართლმადიდებლური კომპლექსი, ბოლო დრომდე სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის რეზიდენცია იყო.
გასული წლის ბოლოს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მინისტრთა კაბინეტს დაავალა, უმაღლეს რადას შესთავაზოს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 13 სასულიერო პირს მოქალაქეობა შეუჩერა.
კიევ-პეჩორის ლავრის ყოფილმა წინამძღოლმა ონოფრემ გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების გაწყვეტის შესახებ მას შემდეგ, რაც მისმა ლიდერმა, პატრიარქმა კირილმა მხარი დაუჭირა რუსეთის ომს უკრაინაში. თუმცა კიევის მთავრობას არ სჯერა, რომ ეკლესიამ სრულად დაასრულა დამოკიდებულება მოსკოვის საპატრიარქოზე.
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ბერებმა და მღვდლებმა უნდა გაათავისუფლონ კიევ-პეჩორის ლავრის ყველა შენობა 29 მარტამდე.


