ერდოღანი თურქეთში პუტინის ვიზიტს არ გამორიცხავს
30/03/2023 06:03:35 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 27 აპრილს ჩავა თურქეთში და დაესწრება რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას. ამის შესახებ ერდოღანმა 29 მარტს ტელეკომპანია A Haber-ს განუცხადა. თუმცა თურქეთის პრეზიდენტი არც იმას გამორიცხავს, რომ პუტინი ცერემონიას ონლაინ რეჟიმში შეუერთდეს.
ერდოღანის ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე თურქული გამოცემები წერდნენ, რომ ანკარა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადება.
თურქეთი არ არის საერთაშორისო ხელშეკრულების, „რომის სტატუტის“ მონაწილე და არ აღიარებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. შესაბამისად, თურქეთს არ აქვს სასამართლოს ორდერის საფუძველზე პუტინის დაკავების ვალდებულება.
17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.20 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.


