
ამერიკელი გენერალი – ბახმუტში „ვაგნერელებს“ დიდი დანაკარგი აქვთ
30/03/2023 05:48:02 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის ინფორმაციით, ბახმუტსა და მის შემოგარენში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 6 ათასამდე წევრი და ამ დაჯგუფების მიერ ბოლო ხანს დაქირავებული 20-30 ათასი პირი.
"ბახმუტში „ვაგნერელებს“ დიდი დანაკარგი აქვთ", – განაცხადა გენერალმა მილიმ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტი, ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა. მისი ცნობით, მოწინააღმდეგე განაგრძობს შტურმს ქალაქ ბახმუტზე, სადაც თავდაცვის ძალებმა 28 შეტევა მოიგერიეს.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" რვა თვეა ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.