
სახელმწიფო დეპარტამენტი – რუსეთს აშშ–სთვის არ უცნობებია, რომ ბირთვული აქტივობების ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა
29/03/2023 19:20:46 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთს ამერიკისთვის არ უცნობებია, რომ "ახალი სტარტის" საფუძველზე ბირთვული აქტივობების ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა გააკეთა.
"გავეცანით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებას. თუმცა ჩვენ რუსული მხარისგან არ მიგვიღია შეტყობინება, რომელიც "ახალი სტარტის" ხელშეკრულებაში რაიმე ცვლილებაზე მიუთითებს", – განაცხადა პატელმა.
მანამდე რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა საკუთარი ბირთვული აქტივობების, მათ შორის სარაკეტო გამოცდის შესახებ აშშ-ისთვის ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა.
„შეტყობინებები საერთოდ არ იქნება. ყველა სახის შეტყობინება, ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ყველა აქტივობა შეჩერდება და არ განხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია შეიძლება, დაიკავოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა”, - განაცხადა რიაბკოვმა.
2023 წლის 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი "ახალი სტარტის" სახელით ცნობილ ბირთვული განიარაღების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებდა, თუმცა სრულად არ წყვეტდა. 2011 წლის თებერვალში გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2026 წელს ეწურებოდა.