Accentnews.ge
„საბა“ განმარტავს, რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი

„საბა“ განმარტავს, რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი

29/03/2023 15:05:11 საზოგადოება

ლიტერატურული პრემია „საბა“ აცხადებს, რომ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ კონკურსში ბექა ქურხულის წიგნის „უკრაინული დღიურების“ მიღებაზე უარის მიზეზი ავტორის მიერ პრემიის ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებისთვის „არაერთხელ საჯაროდ, სრულიად უკადრისი ფორმით [მიყენებული] პიროვნული შეურაცხყოფაა“.

„საბას“ წერილს, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტს“ მისწერეს, უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით,

დასაწყისისთვის დიდ პატივისცემას და მადლიერებას გამოვხატავთ იმ წვლილის გამო, რომელიც თქვენს გამომცემლობას შეაქვს ქართული ლიტერატურის განვითარების პროცესში. “საბას” არსებობის მანძილზე თქვენი გამომცემლობის არაერთი შესანიშნავი წიგნი ყოფილა ნომინანტთა თუ ლაურეატთა შორის. აქვე გვინდა მცირე განმარტება და ინფორმაცია მოგაწოდოთ ბექა ქურხულის „უკრაინულ დღიურებთან“ დაკავშირებით, რომელიც 2023 წლის “საბას” პრემიაზე წარმოადგინეთ. პირველყოვლისა, ძალიან გაგვაკვირვა წარმოდგენილ წიგნთა ნუსხაში ხსენებული ავტორის ხილვამ. ავტორმა არაერთხელ საჯაროდ, სრულიად უკადრისი ფორმით პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს. „ქუჩური გარჩევების“ სულისკვეთებით, ლიტერატორების ღირსების შემლახველი სიტყვებითა და მუქარით, ადამიანების დედის გინებით იგი თავად გავიდა ლიტერატურული და ზოგადად ადამიანური ეთიკისა და ქცევის ჩარჩოდან, ლიტერატურული პოლემიკისა და დისკუსიების სივრციდან. „საბასთვის“, დღიდან დაარსებისა, არ არის უცხო მწვავე ლიტერატურული კრიტიკა, ჩვენ არათუ მივესალმებით, არამედ ხშირ შემთხვევაში თავად ვუწყობთ ხელს „საბას“ ირგვლივ სრულიად განსხვავებული ხედვებისა და პერსპექტივების გაჩენასა და წარმოჩენას. თუმცა არასდროს დავუშვებთ მრავალი ადამიანის მრავალწლიანი შრომითა და გარჯით მოპოვებული მონაპოვარი – ქართული ლიტერატურული პროცესი, თავისი აზრისა და ქცევის მაღალი სტანდარტით ერთი ავტორის მიერ საკუთარი კოლეგების ღირსების შემლახველ გინებამდე და ქუჩურ გარჩევებამდე დაეცეს. შესაბამისად, ლიტერატურული პრემია „საბა“ არ განიხილავს თქვენ მიერ წარმოდგენილი ავტორის წიგნს.

პატივისცემით,

"საბა“

აქვე დავძენთ, რომ „საბა“ არის დამოუკიდებელი პლატფორმა, საკუთარი წესებითა და სტანდარტებით, მასში მონაწილეობა გულისხმობს ორმხრივ თანამშრომლობას, შესაბამისად, მინიმალური სტანდარტების დაცვასა და პატივისცემას.

ჩვენ სრულიად სამართლიანად არ ვაპირებთ ვიტვირთოთ იმ წიგნების მხატვრული შეფასება, რომელთა ავტორებიც წლების განმავლობაში პირდაპირი მნიშვნელობით დედას აგინებენ და ემუქრებიან პრემიის ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა წლებში ჟიურიში მომუშავე ადამიანებისა და პრემია „საბას“ დაცვა და, რაც მთავარია, თანმიმდევრული, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების გაფრთხილება და ჯანსაღი ლიტერატურული პროცესის შენარჩუნება".

ცნობისთვის: 28 მარტს მწერალმა ბექა ქურხულმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი წიგნი „უკრაინული დღეები“ ლიტერატურული პრემია „საბადან“ მოიხსნა. ქურხულის თქმით, წიგნი პრემიაზე მისი თანხმობით გამომცემლობა “ინტელექტმა” წარადგინა.

როგორც ბექა ქურხული წერს, „საბასა“ და მას შორის კონფლიქტი 2018 წლიდან იღებს სათავეს და ახლა არ დაწყებულა.

„ახლახანს დამირეკეს გამომცემლობა „ინტელექტიდან“ და მითხრეს, ლიტერატურული პრემია „საბას“ საორგანიზაციო კომიტეტიდან თუ რავი რა ჰქვიათ, დიდი არზა მივიღეთ სადაც გვამცნობენ რომ ბექა ქურხულის „უკრაინულ დღეებს“ კონკურსზე ვერ მივიღებთ, რადგან, ბექა ქურხული ცუდი ბიჭია, წარსული 90-იანი წლების გადმონაშთი, როცა რამე არ მოსწონს ან უსამართლოდ მიაჩნია, იგინება, ირტყმევინება და ჩხუბობსო. ახლა კი სერიოზულად!… მესმის!… მართლა… ეს გადაწყვეტილება, გაცილებით გასაგებია, როდესაც განაწყენებული, დამცირებული და შეურაცხყოფილი “საბას” ორგკომიტეტი ბოიკოტს მიცხადებს და ამას სრულიად გულწრფელად, ყოველგვარი ირონიის და ცინიზმის გარეშე მოგახსენებთ!… ყოველშემთხვევაში ეს გადაწყვეტილება გაცილებით გასაგებია და მისაღებია ჩემთვის, ვიდრე წინა წლების გადაწყვეტილებები“, – წერს ბექა ქურხული.

მისი თქმით, მისთვის პატივი იყო ლიტერატურული პრემია „საბას“ 4 გზის ნომინანტობაც და ლაურეატობაც, თუმცა მისი ცხორვების ამ ეტაპზე „ყველაზე ნაკლებად ლიტერატურული პრემიები აინტერესებს და მათ შორის ლიტერატურული პრემია „საბა“ და მისი მესვეურები სულ ბოლო ადგილზე არიან“.

სოლიდარობის ნიშნად ლიტერატურული კონკურსიდან თავიანთი წიგნების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს მწერლებმა, არჩილ ქიქოძემ და რეზო თაბუკაშვილმა.

„ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ – ბექა ქურხულის წიგნი, მის მიერ ოდესღაც ვიღაცის მიმართ „ცუდად წარმოთქმული სიტყვებისთვის“ მოიხსნა ამ კონკურსიდან? და ეს ჩრდილავს მწერლის ნაშრომს?… მინდა „საბამ“ დიდხანს და ძლიერად იაროს მრავალი წელი… ჩემი, წელს წარსადგენი წიგნით, „კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება“, მეც ჩავეხსნები ამ კონკურსს“, – დაწერა რეზო თაბუკაშვილმა.

როგორც არჩილ ქიქოძე სოციალურ ქსელში წერს, თუ კონკრუსში ბექა ქურხული არ იქნება, მაშინ მონაწილეობა მისთვისა უინტერესოა.

„ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ ბექა თუ არ იქნება, ჩემთვისაც უინტერესოა ისეთ კონკურსში მონაწილეობა, სადაც ასეთი ძლიერი კონკურენტი არ მეყოლება (მეგობრობას რომ თავი დავანებოთ). არც ვიცი, როგორ ხდება პროცედურა, რადგან გამომცემლობა წარადგენს წიგნს და არა ავტორი, მაგრამ მივმართავ სულაკაურების გამომცემლობას, რომ მოხსნას კონკურსიდან ჩემი „მექსიკური დღიური“, – დაწერა არჩილ ქიქოძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S