
რუსი უფლებადამცველი: "საქართველოში არ შემომიშვეს, მაინტერესებს, საიდან აქვს საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაცია ჩემი საქმიანობის შესახებ"
29/03/2023 08:57:10 საზოგადოება
კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.
როგორც დარიანა გრიაზნოვა აღნიშნავს, იგი საქართველოში 2021 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს. მისი თქმით, იგი საქართველოში სტამბულიდან ბრუნდებოდა, თუმცა საზღვარზე არ გამოატარეს. გრიაზნოვა მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში იდევნებიან, მათ შორის ევროპულ სასამართლოებშიც იცავს.
იგი ფორმულასთან საუბარში ჰყვება, რომ საზღვარზე ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე განუცხადეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი. გრიაზნოვა ვარაუდობს, რომ მისი არ შემოშვება და დეპორტაცია მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, ვინაიდან იგი პუტინის კრიტიკოსია.
მისი თქმით, "საფუძვლიანი ეჭვია, რომ რუსეთსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა".
"საზღვარზე არავითარი ახსნა-განმარტება არ მიმიღია. რა თქმა უნდა, ამ უარს ვუკავშირებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას. საქართველოში არ უშვებენ რუს უფლებადამცველებს. საქართველოს ხელისუფლება ხშირად საუბრობს, რომ ვალდებულნი არიან, შეამოწმონ ქვეყანაში შემოსული ადამიანები, მაგრამ თუ გადავხედავთ რუსეთის მოქალაქეების რიცხვს, რომლებიც თავისუფლად შემოუშვეს და შევადარებთ რუსი უფლებადამცველების რიცხვთან, ვისაც არ უშვებენ ქვეყანაში, გაოგნდებით. ყოველ მეორე უფლებადამცველს არ უშვებენ, ყველა არ საუბრობს საჯაროდ ამაზე... ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, არსებობს გარკვეული სია, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას. წლების განმავლობაში, საჯარო საქმიანობას არ ვეწეოდი, რადგან ვცხოვრობდი რუსეთში, იქ ვიდევნებოდი. ქვეყანა დავტოვე, როგორც კი პირველი ადევნება გაჩნდა. მე მაინტერესებს, საიდან აქვს საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაცია ჩემს შესახებ და ჩემი საქმიანობის შესახებ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და არასასურველი ხალხის სიებს ერთმანეთს უზიარებენ", - ამბობს გრიაზნოვა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში კრემლის მოწინააღმდეგე სხვა რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტები და უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში არ შემოუშვეს.