
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა სამი მოთხოვნა დააყენა
29/03/2023 08:33:39 საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა სამი მოთხოვნა დააყენა. კერძოდ, მედიკოსები მოითხოვენ, სახელმწიფო დაუბრუნდეს კლინიკის რეაბილიტაციის პირვანდელ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა რეკონსტრუქციის პარალელურად კლინიკის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას, ასევე მოითხოვენ საავადმყოფოს დირექტორის ზაზა ავალიანის თანამდებობიდან გადადგომასა და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას.
"ჯანდაცვის მინისტრის მიერ, ტელეეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. განცხადებას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ არნახული და ბინძური დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა.
ვითხოვთ, დაუბრუნდეთ რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას. არსებული პროექტით რომელიც ითვალისწინებს კლინიკის რეაბილიტაციას მუშაობის უწყვეტობის პირობებში;
ვინაიდან კლინიკის მოქმედი დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, ეწევა მის დისკრედიტაციას და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან;
პრემიერმინისტრის ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან არ მიდის სწორი ინფორმაცია. ამიტომ საკითხის საბოლოო დაზუსტების მიზნით, ვითხოვთ პრემიერმინისტრთან შეხვედრას", ნათქვამია მედპერსონალის განცხადებაში.
ცნობისთვის: რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი გრძელდება. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკის რეაბილიტაციის მიზნით, შენობის დანგრევა დააანონსა.
27 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება. გუშინვე მსგავსი განცხადება გააკეთა პრემიერმაც.