შარლ მიშელი – მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს
29/03/2023 07:19:55 მსოფლიო
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თქმით, მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. ამის შესახებ მან მოლდოვაში ვიზიტის დროს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
„ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინას და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მინდა, დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე ვაპირებ წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.


