ზელენსკი – თუ მტერი ბახმუტს დაიპყრობს, ამ გამარჯვებას პუტინი საკუთარ საზოგადოებას, დასავლეთს, ჩინეთს და ირანს მიჰყიდის
29/03/2023 07:11:55 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა ბახმუტისთვის ბრძოლას ვერ მოიგებს, რუსეთი შეეცდება, მოიპოვოს საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა უკრაინას აიძულოს მიუღებელ კომპრომისებზე წასვლა.
ზელენსკიმ სააგენტო AP-ს განუცხადა, რომ თუ რუსეთის ჯარები ქალაქ ბახმუტს დაიპყრობენ, ამ გამარჯვებას პუტინი მიჰყიდის საკუთარ საზოგადოებას, დასავლეთს, ჩინეთს და ირანს.
"თუ პუტინი იგრძნობს სისხლის სუნს და უკრაინის სისუსტეს, სულ უფრო მეტ ზეწოლას შეეცდება. ნებმისმიერი მარცხი საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შეუპოვარ ბრძოლას", – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ბახმუტზე შტურმს განაგრძობენ, თუმცა, უკრაინის თავდაცვის ძალებს ქალაქი მამაცურად უჭირავთ და მრავალრიცხოვან შეტევებს იგერიებენ.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.


