
„ევროსტატი“ - ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლები აშშ, ნორვეგია და ყაზახეთი გახდნენ
29/03/2023 06:00:30 მსოფლიო
ევროპაში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი აშშ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროსტატი“ ავრცელებს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებში მიერ იმპორტირებული ნავთობის 18 პროცენტი ამერიკული იყო. აღსანიშნავია, რომ შარშან აშშ-ის წილი 13 პროცენტი იყო.
რუსეთის წილი, რომელიც ამ დრომდე ევროპაში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი იყო, შარშან იანვარში დაფიქსირებული 31 პროცენტიდან 4 პროცენტამდე შემცირდა. შავი ოქროს მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ევროკავშირისთვის ნორვეგიაა. მისი წილი 17 პროცენტს შეადგენს.
„2022 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლები გახდნენ აშშ, ნორვეგია და ყაზახეთი“, – ნათქვამია „ევროსტატის“ განცხადებაში.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროკავშირში მიწოდების კუთხით ლიდერია ნორვეგია, მეორე ადგილზეა აშშ.