ოსტინი – უკრაინას გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევის შანსები აქვს
29/03/2023 05:46:43 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინას გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევის ძალიან კარგი შანსები აქვს. ამის შესახებ მან სამშაბათს აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
"უკრაინელებმა რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს და მათ ჯავშანტექნიკის მარაგი ისე ამოწურეს, როგორც ვერავინ წარმოიდგენდა. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსეთი T-54 და T-55 ტიპის ტანკების შეკეთებას იმ ზარალის გამო, რომელიც მათ მიაყენეს", - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, რუსეთის რესურსები იწურება, ის სულ უფრო მეტად აწყდება საარტილერიო საბრძოლო მასალის და სხვა შეიარაღების დეფიციტს და იძულებულია დახმარებისთვის მიმართოს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას.
"ამიტომ, ვფიქრობ, გაზაფხულზე ვიხილავთ საომარი მოქმედებების ზრდას, რადგან მანევრირების პირობები გაუმჯობესდება და ასევე იმის საფუძველზე, რაც უკვე გავაკეთეთ და ვაკეთებთ, ვფიქრობ, რომ უკრაინას ექნება წარმატების ძალიან კარგი შანსი", - განაცხადა ოსტინმა.


