Accentnews.ge
Amensty International – 2022 წელს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა

Amensty International – 2022 წელს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა

28/03/2023 08:37:57 საზოგადოება

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ Amnesty International-მა 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

საქართველოში საკვლევ პერიოდში მომხდარი მოვლენები 4 გვერდიან დოკუმენტში არის შეჯამებული, რომელშიც ორგანიზაცია ქვეყანაში სხვადასხვა მიმდინარეობით არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, "2022 წელს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა.

  • კონტექსტი:

ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტის განხილვისას ორგანიზაცია წერს, რომ 2022 წელს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კვლავ გრძელდებოდა. ამ წუხილების ფონზე, ივნისში ევროპულმა კომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადადო და მომავალი გადაწყვეტილება 12 პრიორიტეტის შესრულებას დაუკავშირა, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის, სასამართლოს რეფორმის და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით.

"რუსეთიდან საგრძნობლად გაზრდილმა გზავნილებმა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ქვეყანაში 100,000-ზე მეტი ადამიანის შემოდინებამ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა, ასევე გაზარდა ცხოვრების ღირებულება და ეკონომიკური უთანასწორობა. შრომის ბაზარზე ახალგაზრდებისთვის არსებულმა მძიმე მდგომარეობამ ემიგრაციის ახალი ტალღა გამოიწვია.

მარტში სოციალურ უფლებათა ევროპულმა კომიტეტმა წუხილი გამოთქვა საქართველოს მიერ მიღებული არასაკმარისი ზომების გამო გარემოს დაბინძურების აღმოფხვრისა და უსაფრთხო სასმელი წლის უზრუნველყოფის საკითხებში, აგრეთვე, დასაქმებულთა და მათზე ეკონომიკურად დამოკიდებულ პირთა სოციალური დაცვის არარსებობის გამო", - წერს ორგანიზაციაგამოხატვის თავისუფლება:

ორგანიზაცია წერს, რომ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ აგრესიულ განცხადებებსა და მათ მიმართ წამოწყებულ ცილისწამების საქმეებს გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდა. ასეთივე გავლენა ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მაისში გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი გაუარესდა, რისი ნაწილობრივი საფუძველიც გამოხატვის თავისუფლებაში ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის საფრთხის შექმნა გახდა; აღნიშნული ტენდენციები წლის ბოლომდე შენარჩუნდა.

4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის ივლისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმაში მონაწილე 6 პირს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ძალადობრივი ჯგუფების სავარაუდო ორგანიზატორები დაუსჯელები დარჩნენ. ძალადობრივ თავდასხმას ერთ-ერთი ტელეოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მოჰყვა.

ივლისში, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალმა თანამდებობის პირმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მოტაცებასა და აზერბაიჯანში გადაყვანაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს სდებდა ბრალს. აფგან მუხთარლიმ ტვ პირველს უამბო, რომ მან ფოტოებით ამოიცნო ერთერთი გამტაცებელი - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი. მუხთარლის გატაცების ეფექტური გამოძიება არ მომხდარა და საანგარიშო წლის ბოლოსთვის ბრალი არავის მიმართ არ ყოფილა წარდგენილი.

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა:

Amnesty International ამბობს, რომ 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და ამით, საბოლოოდ მიიღო სადავო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სამართალდამცავი სტრუქტურების ფარული მიყურადების წარმოების უფლებამოსილები გაიზარდა. კერძოდ, ახალი კანონით გაფართოვდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლები და შესაძლებელი გახდა მოქალაქეების უვადოდ მოსმენა ისე, რომ მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. გრძელდებოდა ოპოზიციის, კრიტიკულად განწყობილი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ფარული მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკა. ივლისში პრო-სამთავრობო მედიამ გამოაქვეყნა ფარულად მოპოვებული აუდიოჩანაწერი, სადაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მთავარი არხის თანამშრომლები სარედაქციო საკითხებზე მსჯელობენ. სექტემბერში გავრცელდა ახალი მასალები, მათ შორის, აუდიოჩანაწერები და ფოტოები პირადი ცხოვრების შესახებ, რომლითაც გამოჩნდა უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების სავარაუდო მიყურადების ფაქტები. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით“ გამოძიება დაიწყო, თუმცა, საანგარიშო წლის ბოლოსთვის გამოძიების შედეგის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

  • სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა:

ხელისუფლების მზარდი გავლენა სასამართლო სისტემაზე, შერჩევითი სამართლის გამოყენება და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა და კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გამოწვევად დარჩა.

იანვარში სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, აგრეთვე, ტვ პირველის დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელი, დამნაშავეებად ცნო პოლიტიკურად მოტივირებულ თაღლითობის საქმეში და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა, საქმის ხანდაზმულობის გამო, მსჯავრდადებულები სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. გამამტყუნებელი განაჩენის გამო, საპარლამენტო მანდატი შეუწყდა ბადრი ჯაფარიძეს.

სასამართლო სხდომები მიხეილ სააკაშვილის საქმეების შესახებ მისი ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად სამედიცინო ცნობებისა „მძიმე მეტალებით [მისი შესაძლო] მოწამვლისა“ და „სიკვდილის მნიშვნელოვნად გაზრდილი რისკის“ შესახებ, საანგარიშო წლის ბოლოსთვის სასამართლოს სააკაშვილის სასჯელი არ გადაუვადებია. მარტში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ წარმოებაში მიიღო ყოფილი პრეზიდენტის სარჩელი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე. მაისში მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას 42 თვით პატიმრობა მიუსაჯეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დაუსაბუთებელი ბრალდებით. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

1 ივნისში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 2021 წელს შეტანილმა ცვლილებების სისწრაფემ და მასშტაბმა შესაძლოა „მსუსხავი ეფექტი იქონიოს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებასა და შიდა სასამართლო დამოუკიდებლობაზე“ და შექმნას აღქმა, რომ მიღებული ცვლილებები მოსამართლეთა „კონტროლსა და გაჩუმებას“ ემსახურება. აპრილში აღნიშნული კანონი ხუთმა მოსამართლემ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საკონსტიტუციო გარანტიებზე დაყრდნობით.

  • წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა:

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს იძიებდა, 12 იანვარს გაუქმდა და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახური შეიქმნა. ამ ნაბიჯს სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა; მათი მოსაზრებით, გადაწყვეტილება შეამცირებს სამსახურების ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობას, და უარყოფით გავლენას იქონიებს სახელმწიფოს უნარზე ეფექტურად გამოიძიოს პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, წამების, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მათი გარდაცვალების სავარაუდო შემთხვევები, აგრეთვე, მის უნარზე აღასრულოს სამართალი აღნიშნულ დანაშაულებზე.

  • ქალთა და გოგონათა უფლებები:

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წელს მედიაში გავრცელდა ცნობები ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევის შესახებ, რამაც გააძლიერა წუხილები, რომ ფემიციდი და გენდერული ნიშნით მოტივირებული სხვა სახის დანაშაულები იზრდება. ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით მიღებული ზომები კვლავ არ იყო საკმარისი. საგანგაშო რჩებოდა ეკონომიკური უთანასწორობაც: მსოფლიო ბანკის მიერ მარტში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საოჯახო საქმეების გამო ქალთა 50% შრომის ბაზრის მიღმა რჩება, მაშინ, როცა მამაკაცებში შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ს წარმოადგენს. კვლევის თანახმად, ქალები 16%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები.

  • აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი:

Amnesty International საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონსაც განიხილავს და წერს, რომ საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაუარესდა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით. წარსულ საქმეებზე დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩებოდა.

  • წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა:

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებაც. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მცხოვრები გენადი კულაევი 31 აგვისტოს, 2020 წელს პატიმრობისას ცემისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. კულაევის გარდაცვალების ეფექტური გამოძიება არ მომხდარა. არ განხორციელებულა ინალ ჯაბიევის საქმის ეფექტური გამოძიებაც, რომელიც ასევე 2020 წელს, პატიმრობისას მასზე განხორციელებული წამების შედეგად გარდაიცვალა. 2021 წელს აფხაზეთის მცხოვრების, პატიმრობისას გარდაცვლილი ანრი ატეიბას საქმეზე ეფექტური გამოძიება არ წარმართულა. ამასთან, ირაკლი ბებუას, რომელიც 2020 წელს აფხაზური დროშის დაწვის გამო იხდის სასჯელს, ქრონიკური დაავადებების მიუხედავად, არ მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S