
"შავი დღე შალვას" - დღეს POSTV-სთან აქცია გაიმართება
28/03/2023 08:33:23 საზოგადოება
დღეს 19:00 საათზე POSTV-სთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
"შალვა რამიშვილი ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტი და გახრწნილი სისტემის თვალსაჩინო სახეა. ის სექსუალურად ავიწროვებს ქალებს, ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, ტირაჟირებს სიძულვილის ენას და მორალურ ტერორს უწყობს ყველას, ვინც მისი პროპაგანდის მანქანის წინააღმდეგ წავა.
დღეს, საღამოს 19:00 საათიდან, ვიკრიბებით პროპაგანდის მანქანის, პოსტივის ოფისის წინ, რათა ხმაურით გავაპროტესტოთ ამ ტელევიზიის და კონკრეტულად შალვა რამიშვილის მიერ ნასაზრდოები ძალადობა, სექსუალური შევიწროვება, ბინძური რუსული პროპაგანდა, მორალური ტერორი და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. შავი დღე შალვას! სოლიდარობა ყველა დაზარალებულს!", – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
POSTV რამდენიმე დღეა, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს. თათია სამხარაძე ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია. მან მიმართა სახალხო დამცველსაც.
თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ს ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მან რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. შალვა რამიშვილი ბრალდებებს უარყოფს.