
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა
28/03/2023 08:18:29 საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, დაკავებული თანამდებობა მან დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
"პირადი განცხადების საფუძველზე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვარჩიე, რომ წამოვსულიყავი სამსახურიდან", - განაცხადა პაპავამ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი გრძელდება. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკის რეაბილიტაციის მიზნით, შენობის დანგრევა დააანონსა. ექიმები ითხოვენ, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მუშაობის შეწყვეტის გარეშე მოხდეს. მათ ასევე ჯანდაცვისა და პრემიერმინისტრთან შეხვედრა სურთ.
გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება. გუშინვე მსგავსი განცხადება გააკეთა პრემიერმაც.