
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის პროტესტი გრძელდება
28/03/2023 07:02:04 საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის პროტესტი გრძელდება. მედიკოსების მთავარი მოთხოვნაა, კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობა უწყვეტ რეჟიმში განაგრძონ.
ამასთან, ექიმები ამ დრომდე შეხვედრას ითხოვენ კლინიკის დირექტორთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან.
მათივე ინფორმაციით, ისინი კლინიკის დირექტორის ფინანსურ მოადგილეს უნდობლობას უცხადებენ.
გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება. გუშინვე მსგავსი განცხადება გააკეთა პრემიერმაც.