მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, ისრაელის დიპლომატიური მისიები დაიხურა
27/03/2023 15:40:30 მსოფლიო
დღეს მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის საელჩოები და საკონსულოები დაიხურა.
მედიის ცნობით, დიპლომატები ამ ჟესტით შეუერთდნენ მასშტაბურ პროტესტს, რომელიც სასამართლო რეფორმის წინააღმდეგაა მიმართული.
ისრაელის დიპლომატიური მისია დღეს საქართველოშიც დაიკეტა. შეჩერებულია საკონსულო მომსახურებაც.
"საყოველთაო გაფიცვა - გაცნობებთ, რომ ისრაელის საელჩო საქართველოში დღეს დაკეტილია. ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, ისრაელის საელჩო საქართველოში დაიკეტა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. გაფიცვის დროს საკონსულო მომსახურება შეჩერებულია. ცხელი ხაზი, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, განაგრძობს მუშაობას (+995 32 2556500). შემდგომი განცხადება განთავსდება ჩვენს სოციალურ ქსელში", - ნათქვამია საელჩოს შეტყობინებაში.
მანამდე ცნობილი გახდა რომ პრემიერ–მინისტრის ოფისთან 27 მერი დაიწყებს შიმშილობას. ამასთან, ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქვეყნის მთავრობას და პარლამენტს მიმართა, დაყოვნებლივ შეწყვიტონ სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესი.
ისრაელში სამი თვეა, მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქციები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, ითვალისწინებს პარლამენტის და მთავრობის გადაწყვეტილებებზე სასამართლოს კონტროლის შეზღუდვას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების გაფართოებას.
ისრაელის მოქმედი კანონმდებლობით, უზენაეს სასამართლოს შეუძლია დაბლოკოს კანონები, რომლებსაც არასამართლებრივად ჩათვლის. ახალი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობას ანიჭებს სასამართლოს ვეტოს დაძლევის უფლებას. ამ ცვლილების მოწინააღმდგეები აცხადებენ, რომ არადემოკრატიული კანონის მიღება ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ არადემოკრატიულს უწოდებს დღევანდელ ვითარებას, როცა უზენაეს სასამართლოს შეუძლია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა შეზღუდოს.
26 მარტს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა იოავ გალანტი, რომელმაც 25 მარტს მთავრობას მოუწოდა, შეაჩეროს სასამართლო რეფორმის განხორციელება, რადგან ის ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.
თავდაცვის მინისტრის გადაყენებას წუხელ ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმას შეაჩერებს მასშტაბური პროტესტის ფონზე, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ ჯერ არაფერი თქმულა


