ისრაელში 27 მერი პრემიერის ოფისთან იწყებს შიმშილობას
27/03/2023 14:54:46 მსოფლიო
სასამართლო რეფორმის გამო, რომელმაც ისრაელში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის 27 მერი შიმშილობას აცხადებს.
"ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლებების მერები, პოლიტიკური სპექტრის ყველა მხრიდან, ხვალ დილიდან ვიწყებთ შიმშილობას პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ოფისის წინ, მოთხოვნით, რომ დასრულდეს ის უზარმაზარი კატასტროფა და კრიზისი, რომლისკენაც ისრაელი მიექანება, ქვეყნის უსაფრთხოების დარღვევის თავიდან აცილებისა და ერთიანობის შენარჩუნებისთვის", - ვკითხულობთ მერების საერთო განცხადებაში.
მანამდე ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქვეყნის მთავრობას და პარლამენტს მიმართა, დაყოვნებლივ შეწყვიტონ სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესი.
ისრაელში სამი თვეა, მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქციები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, ითვალისწინებს პარლამენტის და მთავრობის გადაწყვეტილებებზე სასამართლოს კონტროლის შეზღუდვას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების გაფართოებას.
ისრაელის მოქმედი კანონმდებლობით, უზენაეს სასამართლოს შეუძლია დაბლოკოს კანონები, რომლებსაც არასამართლებრივად ჩათვლის. ახალი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობას ანიჭებს სასამართლოს ვეტოს დაძლევის უფლებას. ამ ცვლილების მოწინააღმდგეები აცხადებენ, რომ არადემოკრატიული კანონის მიღება ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ არადემოკრატიულს უწოდებს დღევანდელ ვითარებას, როცა უზენაეს სასამართლოს შეუძლია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა შეზღუდოს.
26 მარტს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა იოავ გალანტი, რომელმაც 25 მარტს მთავრობას მოუწოდა, შეაჩეროს სასამართლო რეფორმის განხორციელება, რადგან ის ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.
თავდაცვის მინისტრის გადაყენებას წუხელ ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმას შეაჩერებს მასშტაბური პროტესტის ფონზე.


