Accentnews.ge
„მშვიდობის გარანტია პარტნიორებთან ინტერაქციაა!“: პუტინი კიდევ ერთ ხელშეკრულებას არღვევს, რომელსაც საქართველოც აწერს ხელს

„მშვიდობის გარანტია პარტნიორებთან ინტერაქციაა!“: პუტინი კიდევ ერთ ხელშეკრულებას არღვევს, რომელსაც საქართველოც აწერს ხელს

27/03/2023 12:38:11 ანალიზი

კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ბირთვული შანტაჟი კვლავ დააბრუნა რიტორიკაში: როგორც მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიარესურსთან ინტერვიუში განაცხადა, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს, თუმცა იქვე ირწმუნება, რომ არ არღვევს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას, არ გადასცემს რა მას მინსკს მართვაში.

გარდა ამისა, როგორც პუტინმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა და რომ ბელარუსს გადაეცა სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“, რომელსაც შეუძლია ამ იარაღის გადატანა. მანამდე ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთი თვითმფრინავი ხელახლა აღჭურვეს და მათ ბირთვული რაკეტების ტარება შეეძლებათ.

ამავე ინტერვიუში პუტინი ირწმუნებოდა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს. თუმცა ამ შემთხვევაში საყურადღებოა რამდენიმე დეტალი: ამგვარი ჭურვები არ განეკუთვნება ბირთვულ იარაღს. თავად რუსეთიც არ მიიჩნევს მათ ასეთად, თუმცა ლონდონს ბრალი მაინც დასდო ბირთვულ ესკალაციაში; პუტინის ამავე ინტერვიუდან ჩანს, რომ ბელარუსს სარაკეტო კომპლექსი დიდი ბრიტანეთის განცხადებამდე გადასცეს. თვითმფრინავების მოდიფიცირებაც ადრე მოხდა. ასევე აშკარაა, რომ საცავის მშენებლობაც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ცნობილი გახდებოდა, რომ ბრიტანეთი უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გაგზავნას აპირებს.

ნატომ და ევროკავშირმა "საშიში და უპასუხისმგებლო" უწოდეს მოსკოვის გადაწყვეტილებას, ხოლო უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა.

პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი დარწმუნებულია, რომ ეს არის ბირთვული იარაღით დაშინების მრავალწლიანი სტრატეგიის გაგრძელება. ამ შემთხვევაში მიზანია, მინიმუმამდე დაიყვანოს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ამასთან, ის იმის გათვალისწინებით, რომ „ისკანდერი“ მინსკს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღებამდე მიეწოდა, არ გამორიცხავს, რომ ბირთვული იარაღი უკვე არსებობს ბელარუსში, თუმცა გამორიცხავს, რომ კრემლმა ლუკაშენკოს რეჟიმს მისცეს მასზე წვდომის უფლება.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი ვალერი ჩეჩელაშვილი იზიარებს შეფასებას, რომ ეს ტრადიციული რუსული მიდგომა და ბირთვული შანტაჟის მორიგი ეტაპია, თუმცა არ ელის, რომ ეს ტაქტიკა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს პროცესებზე რუსეთის სასარგებლოდ, პირიქით, უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას კიდევ უფრო გააერთიანებს რუსეთის წინააღმდეგ:

„ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ არსენალი ელევა პუტინს და დრამატულ შეცდომებს უშვებს. ვინაიდან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მრავალმხრივი შეთანხმება გლობალური უსაფრთხოების ერთ–ერთი ქვაკუთხედია, ამგვარი შანტაჟი ყოვლად დაუშვებელია და სცდება ყოველგვარ ფარგლებს. რუსეთი არა მხოლოდ ამ შეთანხმებას არღვევს, არამედ იმათაც, რომლებიც გაცხადდა ჩინეთის ლიდერის რუსეთში ბოლო ვიზიტისას. დეკლარაციაში ხაზი გაესვა, რომ ბირთვული ომი და ბირთვული შანტაჟი დაუშვებელია, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების და მისი დარღვევა დაუშვებელია. ეს გადაწყვეტილება კი ადასტურებს, რომ ვლადიმირ პუტინს არ ადარდებს შეთანხმებები, მათ შორის მისსავე პარტნიორებთან და ხელმძღვანელობს საკუთარი მოკლევადიანი ტაქტიკური შეთანხმებებით“.

თუმცა, ანალიტიკოსის მოლოდინი მოვლენათა შედეგი შესაძლო განვითარებაა:

  • „ნატო გააძლიერებს ჩრდილო–აღმოსავლეთ ფლანგს;
  • გაიზრდება შვედეთისა და ფინეთის მოტივაცია, რაც შეიძლება სწრაფად შეუერთდნენ ნატოს კოლექტიურ უსაფრთხოებას;
  • რუსეთი იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მის ს პარტნიორებად პოზიციონირებენ (პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს დიდი ბირთვული სახელმწიფოები – ჩინეთი და ინდოეთი), ხელს კრავს და დარჩება მარტო. ჩინეთიც გააკეთებს დასკვნებს, მიუხედავად იმისა, ოფიციალურ განცხადებას გააკეთეს თუ არა ამასთან დაკავშირებით;
  • ქვეყნები, რომლებიც ამ დრომდე ინარჩუნებდნენ ნეიტრალურობას, გადახედავენ საკუთარ პოლიტიკას უკრაინის სასარგებლოდ“.

ამრიგად, ჩეჩელაშვილის ხედვით, „პუტინის გადაწყვეტილება, თუნდაც განახორციელოს ის, სერიოზულად ვერაფერს შეცვლის – დაწესდება სანქციების ახალი ტალღა რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ“.

რაც შეეხება, მათ შორის, საკითხის ირგვლივ საქართველოს პოზიციონირებას, ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ საკითხი სამართლებრივ და პოლიტიკურ განზომილებაში უნდა განვიხილოთ:

  • „სამართლებრივი იმიტომ, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილენი ჩვენც ვართ და ცხადია, მისი დარღვევა ნიშნავს ჩვენი ინტერესების შელახვას და მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის რღვევისკენ მიმართულ ნაბიჯს: თუ ბირთვული სახელმწიფო, უშიშრების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი არ აქცევს ყურადღებას საკუთარ ვალდებულებებს, ეს რისკის ქვეშ აყენებს მის სხვა ვალდებულებებსაც, ხაზს უსვამს მისი პოლიტიკის ავანტიურულ ხასიათს მეზობელ სივრცეებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში.
  • რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ განზომილებას, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აუცილებლობას, რომ „ბარიკადების“ სწორ მხარეს უნდა დავდგეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება უპირველესად დამოკიდებულია ურთიერთობის და ნდობის იმ ხარისხზე, რომელიც ჩამოგვიყალიბდება ჩვენს პარტნიორებთან: აშშ–სთან, უკრაინასთან, ევროკავშირთან, ნატოსთან – აქ არის ჩვენი უსაფრთხოების სივრცე. ერთადერთი გარანტია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და მშვიდობა, არის ის, რომ რუსეთს კარგად ჰქონდეს გააზრებული, რომ ნებისმიერი შეტევა საქართველოზე, ძალიან დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული – სწორედ ესაა გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია!“

ანალიტიკოსი წუხილით აღნიშნავს, რომ ოფიციალური თბილისი ამგვარად არ პოზიციონირებს და აქ უშვებს მთავარ შეცდომას, ვინაიდან „რუსეთი თავისი პოლიტიკის განსაზღვრისას სხვა პრიორიტეტებით და ფასეულობებით ხელმძღვანელობს – არასდროს აინტერესებდა მეზობელი ქვეყნის ინტერესები და მათ წინაშე აღებული ვალდებულებები, ამიტომ, არგაღიზიანების პოლიტიკით ჩვენ ვერანაირ გარანტიას ვერ მივიღებთ!“ და ხაზგასმით დასძენს, რომ „ერთადერთი გარანტია სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტერაქცია და უსაფრთხოების იმ სივრცეში მოხვედრაა, რომელიც გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიებს მოგვცემს და არ მოგვაქცევს იმ მერყევ ვითარებაში, რომელშიც, სამწუხაროდ, დღეს ვართ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S