"ეკოლოგიური კატასტროფის რისკი": რუსულ ნავთობს დაშლის პირას მყოფი ტანკერებით ეზიდებიან
27/03/2023 12:04:54 მსოფლიო
დასავლური სანქციების გამო რუსული ნავთობის გადასაზიდად ჩამოყალიბებული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების დიდ ნაწილს ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული, - იუწყება "The Moscow Times" და ამის გამო ეკოლოგიური კატასტროფების მაღალ რისკზე მიუთითებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ტანკერებს უცხოური დაზღვევა არ აქვთ და არც აუცილებელი ტექმომსახურება გაუვლიათ.
ასე, მაგალითად, 26-წლოვან ტანკერ Turba-ს ბოლოს ტექდათვალიერება 2017 წელს აქვს გავლილი, თუმცა პეტერბურგიდან რუსულ ნავთობს ათასობით კმ-ით, აზიისკენ ეზიდება.
ანალოგიურ მდგომარეობაშია კიდევ 40-მდე ტანკერი, რომელსაც რუსული ნავთობი ჩინეთსა და ინდოეთში გადააქვს, იუწყება Bloomberg ხომალდების უსაფრთხოების მონაცემთა ბაზა Equasis-ზე დაყრდნობით.
Kpler-ის ინფორმაციით კი, სწორედ ასეთი ტანკერი გადატყდა და ჩაიძირა 2002 წელს, რის შედეგადაც ესპანეთისა და პორტუგალიის სანაპიროებთან წყალი მნიშვნელოვნად დაბინძურდა.
"როგორც წესი, ტანკერების მფლობელები საშუალოდ 15-წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ მათ უტილიზაციაზე იწყებენ ფიქრს, რადგან მსგავსი ხომალდებით ტვირთების გადაზიდვა უსაფრთხო აღარაა და მუდივად ქმნის ეკოლოგიური კატასტროფების საფრთხეს. აქ კი საქმე გვაქვს 25- და მეტწლოვან ტანკერებთან. არაოფიციალური ინფორმაციით, დასავლური შეზღუდვების შემოღების შემდეგ ნავთობის გადასაზიდად ჩამოყალიბებულ ჩრდილოვან ფლოტში 600-მდე ვადაგასული ტანკერია ჩართული და წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდია საფრთხე" - ამბობს სუპერტანკერების უმსხვილესი მფლობელი Frontline-ის ხომალდების მართვის ქვედანაყოფის გენერალური დირექტორი ლარს ბარსტადი.


