ღარიბაშვილი: "სააკაშვილისთვის რაღაც პრიზის გადაცემა იგივეა, რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს ჯილდო გადასცეს"
27/03/2023 08:29:24 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილისთვის ნორვეგიაში გადაცემული პრიზი არაფერს არ ნიშნავს, პირიქით, ის დაცინვაა ქართველი ხალხის.
„საშინელი ჯოჯოხეთური რეალობაა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წელს, როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა. ამ ფონზე სააკაშვილი ნორვეგიის რომელიღაცა ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული შედეგებისთვის რაღაცით დააჯილდოვეს. ეს ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებები დარგში მიღწეული რაღაცით. ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?! ეს ხომ წარმოუდგენელია?! ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე. ჩემთვის იგივეა. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის საქმეში მონაწილეობისთვის, მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
25 მარტს ნორვეგიაში კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა.
2011 წელს ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოში და ცეცხლი გახსნა კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში. დაიღუპა 77, დაიჭრა 150-მდე ადამიანი. ტერორისტმა დანაშაული აღიარა. მას 21 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.


