უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ რუსეთიდან ტვირთების გადაზიდვაზე უარი განაცხადა
27/03/2023 07:04:33 მსოფლიო
სი ძინპინის მოსკოვიდან წასვლისთანავე უმსხვილესმა ჩინურმა ლოჯისტიკურმა კომპანიამ რუსეთიდან ტვირთების გადაზიდვაზე უარი განაცხადა. OOCL Logistics-მა, რომელიც 70 კონტეინერმზიდისგან შემდგარ ფლოტს ფლობს, შანხაისა და შენჩჟენის პორტებიდან ვლადივოსტოკში ტვირთების გადაზიდვა შეწყვიტა.
მიზეზად, როგორც გამოცემა Baza საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, დასავლური სანქციები დასახელდა.
როგორც ამასთან დაკავშირებით კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, "დასავლეთი აძლიერებს ზეწოლას ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის მიმართ უკანონო სანქციებს არ შეერთებიან".
მანამდე რუსეთში გადაზიდვები ერთმანეთის მიყოლებით ორმა სახელმწიფომ შეწყვიტა: ჯერ - თურქეთმა, შემდეგ - ყაზახეთმა. ორივეში მიღებულია გადაწყვეტილება, რუსული კომპანიების მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობები მაქსიმალურად შეიზღუდოს.
ყაზახეთის მთავრობა 1 აპრილიდან აამოქმედებს ონლაინ-სისტემას იმ ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგისთვის, რომლებიც ქვეყანაში შემდგომი რეექსპორტის მიზნით შედის, - იუწყება "Financial Times".


