
რესპუბლიკურის თანამშრომლები საავადმყოფოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ
27/03/2023 06:54:47 საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი კლინიკის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და კლინიკის მომავალთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.
როგორც ხელისუფლება აცხადებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევას და მის ადგილზე რამდენიმე წელიწადში ახალი კლინიკის აშენებას აპირებენ.
მათი ინფორმაციით, კლინიკა შესაძლოა, დაიხუროს და უმუშევრები დარჩნენ. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მედიკოსების ვარაუდი უსაფუძვლოა.
"ჩვენ ვითხოვთ ოფიციალური პირებისგან განცხადებას, რომ წარმოგვიდგინონ ზუსტი გეგმა ამ კლინიკას და ამ ტერიტორიას სამომავლოდ რა ემუქრება. ეს არის საფრთხე თუ პირიქით. ხომ შეიძლება ვიღაც მოვიდეს და ადეკვატური პასუხი გაგვცეს. არ გვაქვს იმედები, რომ ეს პროექტები რაც გაჟღერდა ჭორის დონეზე, რეალურად ასრულდება და 2 თუ 3 წლის შემდეგ აქ ისევ კლინიკა იქნება, კვლავ შეგვეძლება მუშაობა",- ამბობს ანესთეზიოლოგიის სამსახურის უმცროსი ექიმი ონისე ენუქიძე.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ სრული რეაბილიტაციის გარეშე რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პრობლემების აღმოფხვრა შეუძლებელია. მინისტრის თქმით, შენობა 1960-70-იან წლებშია აშენებული და ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და სტანდარტებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს 2025 წლისთვის დაუსახა.
აზარაშვილის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი გამორიცხა აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება. როგორც მან 23 მარტს განაცხადა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაინგრევა და მის ადგილზე რამდენიმე წელიწადში ახალი საავადმყოფო შენდება.