ბორელი ბელარუსს მოუწოდებს, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღი არ განათავსოს
27/03/2023 05:56:56 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღი არ განათავსოს.
„ბელარუსის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღის მიღება იქნებოდა უპასუხისმგებლო ესკალაცია და მუქარა ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერაც შეუძლია ამის შეჩერება, ეს მისი არჩევანია. ევროკავშირი მზადაა, შემდგომი სანქციებით გასცეს მას პასუხი", – განაცხადა ბორელმა.
25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. პუტინმა თავისი გეგმები შეადარა აშშ-ის მიერ თავისი ბირთვული იარაღის ევროპაში განთავსებას და თქვა, რომ რუსეთი არ გადასცემს იარაღზე კონტროლს ბელარუსს. თუმცა, ეს შეიძლება, იყოს პირველი შემთხვევა 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ასეთ იარაღს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.
ნატო–მ გააკრიტიკა რუსეთი და მის გადაწყვეტილებას „სახიფათო და უპასუხისმგებლო“ უწოდა. ამასთან, აღნიშნა, რომ ჯერ–ჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადებოდეს.
პუტინის განცხადების შემდეგ უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა.


