
პუტინი: "რუსეთი არ ქმნის სამხედრო ალიანსს ჩინეთთან"
26/03/2023 10:19:57 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, "რუსეთი არ ქმნის სამხედრო ალიანსს ჩინეთთან". ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამხედრო-ტექნიკური ურთიერთმოქმედების სფეროში. ამას არ ვმალავთ. ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა. საიდუმლო არაფერია", - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა დაადანაშაულა დასავლეთი იმაში, რომ „დაიწყო ისეთი ახალი ღერძის შენება, როგოიც ადრე ფაშისტურმა გერმანიამ და მილიტარისტულმა იაპონიამ შექმნეს".
პუტინს აღნიშნული კომენტარი მოჰყვა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სამდღიან სახელმწიფო ვიზიტს მოსკოვში, რომელიც გასულ კვირას განხორციელდა.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ჩინეთმა პუტინის ომთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და ცდილობს თავი მშვიდობისმყოფელად წარმოაჩინოს, თუმცა ამავდროულად, იმეორებს კრემლის რიტორიკას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომში ნატო–ს ადანაშაულებს.
აშშ-ის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ჩინეთი მისი კომპანიების მეშვეობით რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში „არალეტალურ დახმარებას" უწევს.