უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 79-ზე მეტი შეტევა
24/03/2023 06:10:50 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 37 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა, 82 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარინკის და შახტარსკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 79-ზე მეტი შეტევა.
გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 1 რაიონი, მართვის პუნქტი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.


