
სახელმწიფომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას სასამართლოში უჩივლა
09/11/2019 08:27:50 სხვა, სამართალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდგომი პროცედურები მიმდინარეობს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის, საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.
“კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სრულფასოვანი განვითარება და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ დააკისრა პირგასამტეხლო. ამასთან, სააგენტოს მიერ განხორციელებული იქნა კომპანიის მიერ წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასება, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მართვის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე. შპს „ინტერნეიშენალ ივენთის“ მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში. სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის", –ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.